ქართული ანიმაციური ფილმების საერთაშორისო წარმატების შესახებ მოსმენილ ახალ ამბებს თუ არ ჩავთვლით, ამ ინდუსტრიის სიახლეებისა და მიღწევების შესახებ ცოტას თუ სმენია. ქართული ანიმაცია სულ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას ახერხებს.

ბოლო წლებში მიღწეული წარმატება დიდწილად საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამსახურებაა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და მიზნად დაისახა მცირე ანიმაციური სტუდიების გაერთიანება, ახალგაზრდა ანიმატორთა ხელშეწყობა. 13-14 ნოემბერს გამართული ანიმაციის საერთაშორისო კონფერენციაც ცნობადობის ზრდას და მოქმედების სამომავლო გეგმების დასახვას ემსახურებოდა.

კონფერენციის პირველმა დღემ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და პერსპექტიული ახალგაზრდა შემოქმედებიც გაგვაცნო. კონფერენციის მეორე დღე კი მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებს დაეთმო, რამაც კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა სწრაფად მზარდი ინდუსტრიის იმედისმომცემ მომავალზე.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა ცნობადობის გაზრდის ხელშესაწყობად

ფოტო: Saqanima

ანიმაციის ინდუსტრია, როგორც ყველა სხვა ინდუსტრია, საერთაშორისო გამოცდილების გადაფასებისა და წარმატებული მაგალითების გააზრების გარეშე წარმოუდგენელია. სამუშაო შეხვედრების ერთ-ერთმა სტუმარმა, კლაუს ლიოზერმა გერმანული ანიმაციური სამყაროს განვითარების გზაზე ისაუბრა და წარმატებულ მაგალითზე დაყრდნობით განიხილა ის პერსპექტივა, რაც ქართულ ანიმაციის ინდუსტრიას აქვს.

ფოტო: Saqanim

საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის აქამდე ჩატარებულმა ანიმაციური პროექტების პრეზენტაციის — ანესი საქართველო — 5-დღიანმა სამუშაო შეხვედრებმა ექვს პროექტს მისცა საკუთარი იდეიის დახვეწის შესაძლებლობა. ხუთი პროექტი ქართველ ანიმატორებს ეკუთვნოდათ. ერთი პროექტი კი აზერბაიჯანიდან იყო. საერთაშორისო თანამშრომლობის ეს შემთხვევა იმ ქვეყნების გამოცდილების გამთლიანებას ისახავდა მიზნად, რომლებმაც ჯერ კიდევ გრძელი გზა უნდა გაიარონ საერთაშორისო რუკაზე მოსახვედრად. მომდევნო წელს საქართველო და ბულგარეთი საერთო ძალისხმევით ეცდებიან, რომ ბულგარეთშიც ისეთივე ნაბიჯები გადაიდგას, როგორიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა.

ფოტო: Saqanima

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დამოუკიდებელი ბულგარული ანიმაციური სტუდიის — Compote Collective — წარმომადგენელი, ანიმაციის რეჟისორი და პროდიუსერი, ვესელა დანჩევა ჩამოვიდა. მისი თქმით, სურდა ქართული გამოცდილება გაეთავისებინა და საკუთარი ცოდნაც გაეზიარებინა კონფერენციის სტუმრებისთვის

"კონფერენციაზე ბულგარეთიდან ჩამოვედი, როგორც დამოუკიდებელი პროდიუსერი, რათა გამოცდილებათა მიმოცვლის შედეგად სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დავსახოთ. ბულგარეთის და საქართველოს მდგომარეობა მსგავსია, ჩვენც ხილვადობის პრობლემა გვაქვს და გვსურს ანიმაციის როლი გაიზარდოს. მომდევნო წელს ანიმატორთა ასოციაციასთან ერთად ისეთივე ვორქშოფის გაკეთებას ვგეგმავთ, როგორშიც წელს აზერბაიჯანი იყო ჩართული, გვსურს, უკეთ შევისწავლოთ მსგავსი კონფერენციისა და სამუშაო სეხვედრების ჩატარების სპეციფიკა და ის ძალისხმევა, რომელიც დაგვჭირდება" — აღნიშნა ვესელა დანჩევამ.

საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის ძალისხმევით ხილვადობა გაიზარდა და ქართული ანიმაცია სასაუბრო თემად იქცა, რასაც საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობაც მოწმობს. ქართულმა ანიმაციამ განვითარების ხანგრძლივი პროცესი უკვე დაიწყო და კიდევ გრძელი გზა უნდა გაიაროს.

ვესელა დანჩევა

ბულგარელი პროდიუსერის აზრით ქართული ანიმაციის ბოლო 5 წელში მიღწეულ პროგრესს თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე ბევრად უკეთეს პოზიციას იკავებს.

"გასულ 5 წელს რომ გადავავლოთ თვალი, ქართული ანიმაცია ბევრად უკეთეს პოზიციას იკავებს მსოფლიო რუკაზე, რაც ისეთი მონდომებული ადამიანების დამსახურებაა, როგორებიც მარიამ კანდელაკი და ოლივიე კატერინ არიან, საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის ძალისხმევით ხილვადობა გაიზარდა და ქართული ანიმაცია სასაუბრო თემად იქცა, რასაც საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობაც მოწმობს. ქართულმა ანიმაციამ განვითარების ხანგრძლივი პროცესი უკვე დაიწყო და კიდევ გრძელი გზა უნდა გაიაროს".

სამუშაო შეხვედრები — ახალგაზრდა ანიმატორთა იდეების რეალობად ქცევის გზა

ფოტო: Saqanima

სამუშაო შეხვედრები ინდუსტრიის გამოცდილი სპეციალისტების ცოდნის გაზიარებას ითვალისწინებს. ამ პროცესის შედეგად მიღებული ცოდნა და დამყარებული კონტაქტები ის გზაა, რომელიც ახალგაზრდა ანიმატორებმა წარმატების მისაღწევად უნდა გაიარონ.

ანიმაციური პროექტების პრეზენტაციის — ანესი საქართველო — ვორქშოფის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ანა მარკოზაშვილმა ანესის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზი მოიპოვა, რაც ახალგაზრდა ანიმატორს საკუთარი პროექტით — Reflection (ანარეკლი) — ფესტივალზე გამგზავრების და ინდუსტრიის გავლენიან წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას მისცემს.

ფოტო: Saqanima

ანა მარკოზაშვილის თქმით, სამუშაო შეხვედრები იყო ის ბიძგი, რამაც იდეის რეალობად ქცევის შესაძლებლობა მისცა და უკუკავშირის შედეგად პროექტი ბევრად სწრაფად დახვეწა.

"სამუშაო შეხვედრები ძალიან საინტერესო იყო და იმაზე მეტი მივიღე ვიდრე წარმომედგინა. დიდი ხანია იდეის დონეზე რაღაც სურვილები მაქვს, მაგრამ ამ პროცესში ბევრად რეალური სახე მივეცი. სცენარზე ფიქრისა და მუშაობის წინმსწრები პროცესი ბევრად კონკრეტული გახდა და ბევრი რამე შევცვალე კიდეც. უკუკავშირის შედეგად იდეისთვის საბოლოო ფორმის მონახვა ბევრად დაჩქარდა. ანესის კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელზეც ანიმაციური სამყაროს მნიშვნელოვანი პროფესიონალები მსოფლიოს ყველა წერტილიდან იკრიბებიან. მე მიფას აკრედიტაცია მერგო პრიზად, რაც ბევრად უკეთესი საშუალებაა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებთან დასაკავშირებლად, საკუთარი იდეის წარსადგენად, პროდიუსერებთან საურთიერთოდ და შესაძლოა დაფინანსების მოსაპოვებლადაც კი", — ამბობს ანა.

ეს სამუშაო შეხვედრები გლობალური ბაზრის ტენდენციებს, მუშაობის სპეციფიკას გაცნობს და იმ ბერკეტებს გაძლევს, რაც თავის დასამკვიდრებლად უნდა გამოიყენო. იდეა ხელშესახები ხდება, ისიც იცი რა ეტაპები უნდა გაიარო და სამომავლოდ უკუკავშირის მიიღებაც შეგიძლია.

ანა მარკოზაშვილი

ანა მარკოზაშვილის აზრით, ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ქართული ანიმაციისთვის საერთაშორისო კონტაქტები უმნიშვნელოვანესია და პროექტის კიდევ უფრო დახვეწის შედეგად იდეის რეალობად ქცევის ბევრად მყარი ბერკეტების მოპოვება შეუძლია.

"სამომავლოდ სცენარის წერა უნდა დავასრულო, უნდა შევქმნა ვრცელი დოსიე, რომელიც პროექტის განხორციელების გზამკვლევია და ეს ცოდნა სამუშაო შეხვედრებმა მომცა. შესაძლებლობა მაქვს, ფესტივალზე მომზადებული წავიდე. ქართული ანიმაცია ჯერ ისევ ფეხს იდგამს და ამ ვორქშოფებმა მასწავლა რა მოლოდინები არსებობს საერთაშორისო ბაზარზე, რაც რეალურ შანსებს ქმნის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ეს სამუშაო შეხვედრები გლობალური ბაზრის ტენდენციებს, მუშაობის სპეციფიკას გაცნობს და იმ ბერკეტებს გაძლევს, რაც თავის დასამკვიდრებლად უნდა გამოიყენო. იდეა ხელშესახები ხდება, ისიც იცი რა ეტაპები უნდა გაიარო და სამომავლოდ უკუკავშირის მიიღებაც შეგიძლია", — აღნიშნავს ანა.

ფოტო: Saqanima

ანიმა 2021-ის მეორე დღეს ქართული ანიმაციური სტუდიების პრეზენტაციაც შედგა. გამომსვლელებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა წინაშეც ქართული ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან, ასევე მიღწევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს, რაც ქართულ ანიმაციას აქვს.

ანიმატორთა ასოციაციის მიერ დაარსებული ანიმაციის საერთაშორისო კონფერენციის — ანიმა თბილისი — მთავარი სპონსორია USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამა, სპონსორები: თბილისის მერია, ეროვნული კინოცენტრი და გოეთეს ინსტიტუტი, პარტნიორები: ანესის ფესტივალი, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო, ანიმაფილმ აზერბაიჯანის ბაქოს საერთაშორისო ფესტივალი, ასევე, ნოვა საიენს ფაბლიშერი, რომელიც გამომსვლელთა მიერ გაზიარებულ ცოდნას სახელმძღვანელოდ გამოსცემს და უნივერსიტეტებში არიგებს. კონფერენციის მედიაპარტნიორები კი On.ge და პირველი არხი არიან.