"ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით" — ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას დეოკუპაციის შესახებ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ "ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე", ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა. ღარიბაშვილმა ახსენა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ქართველ და რუს ხალხს შორის, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მდგომარეობა უცვლელია. კითხვას, როგორ წარმოუდგენია მას დეოკუპაცია პოლიტიკურ ასპარეზზე პროგრესის გარეშე, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

"ეს ძალიან რთული საკითხია და რა თქმა უნდა, ამაზე, ალბათ, ყველას გაუჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომ დასრულდეს დღევანდელი მდგომარება — არალეგალური, უკანონო მდგომარეობა. აი, ეს არის მთავარი.

რაც მთავარია, უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დეოკუპაცია თავისით ვერ მოხდება. ამას სჭირდება მრავალმხრივ კომპლექსური მუშაობა და ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

რაც შეეხება დეოკუპაციის შესახებ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამას სჭირდება "კარგი მომზადება".

"პირდაპირი კონტაქტი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ გვაქვს ჩვენ და ერთადერთი კონტაქტი, რაც გვაქვს ჩვენ, ეს არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც მხოლოდ წმინდა ეკონომიკურ-სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს ეხება. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პირდაპირი კონტაქტის დაორგანიზებას, მცდელობას სჭირდება კარგი დაფიქრება, კარგი მომზადება. ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრს არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ როდის იქნება ქვეყანა მზად მსგავსი ფორმატისთვის.