საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ის არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი, თუმცა ბოლო დროს მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების მუქარა იყო.

"მე 4 წლის მანძილზე არაერთხელ გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი, მათ შორის უპრეცედენტო თავდასხმებიც მახსოვს, მათ შორის, იგივე იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან, მაგრამ ეს თავდასხმა იყო კიდევ უფრო მეტად საშიში, რადგან ეს კრიტიკა და ხელშეშლა კი არ იყო საქმიანობის, აქ იყო უშუალოდ მუქარა, მუქარა პოლიტიკური. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს, მათი პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულების გამო", — აცხადებს ის TV პირველის ეთერში.

ომბუდსმენის განცხადებით, მას აღნიშნული მუქარები თავიდან სერიოზულად არ აღუქვამს, რადგან ისინი, განსაკუთრებით კი ირაკლი კობახიძე სერიოზულ ფიგურებად არ მიაჩნია.

"თავიდან არ შევხედე ამ ყველაფერს სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად [...] პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან, დასავლეთს ვგულისხმობ", — ამბობს ლომჯარია.