ნევროლოგი და ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის წევრი, თენგიზ წულაძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა გასინჯვასთან შედარებით გაუმჯობესებულია. მისივე თქმით, სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია.

"მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით, გაუმჯობესებულია. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, ელექტროლიტებიც მოწესრიგებულია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. რავიცი, მე მგონი, ჯერჯერობით სტაბილურადაა. მკურნალობას ვეთანხმებით, რასაც აკეთებენ ჩვენი კოლეგები. ჩვენი შეფასებაც დაახლოებით იდენტურია, რაც იმათი შეფასებისა და იმათი შეფასებაც იდენტურია ჩვენი მაშინდელი შეფასებისა. ყველა პარამეტრი, რასაკვირველია, ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნევროლოგიური პარამეტრი, მაგრამ მე მგონი გაუმჯობესების პროცესშია", — განაცხადა მან.

ექიმი აქვე დასძენს, რომ სააკაშვილს სიარულისა და მეტყველების პრობლემა არ აქვს, თუმცა ის სუსტად არის, რაც მოსალოდნელიც იყო.

19 ნოემბერს კი იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და განაცხადა, რომ განთავსებისთანავე შიმშილობას შეწყვეტს.

სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო სახელმწიფოს მის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და შიმშილობის მერე ადეკვატური მკურნალობა დაავალა, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.