22 ნოემბერს გასაჯაროვდა სასამართლოს საბოლოო განაჩენი, რომლის თანახმადაც, მსახიობ კევინ სპეისის და მის წარმომადგენელ კომპანიებს სერიალის House of Cards (ბანქოს სახლი) მწარმოებელი სტუდიოსთვის $30 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევთ იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც შოუდან სპეისის დათხოვნამ მიაყენა.

ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ კევინ სპეისიმ დაარღვია კონტრაქტი "სერიალში ბანქოს სახლი მონაწილეობისას ხუთი სეზონის განმავლობაში გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრის მიმართ გამოვლენილი გარკვეული ქცევით".

The Guardian-ის ინფორმაციით, კევინ სპეისის შესახებ საჯაროდ გავრცელებული სექსუალური ძალადობის არაერთი ბრალდების გამო ბანქოს სახლის მწარმოებელ კომპანია MRC-ის მოუწია, რომ სერიალის მეექვსე სეზონის გადაღებები შეეჩერებინა, სცენარი ხელახლა გადაეწერათ, მისი გმირი შოუდან ამოეღოთ და 13 ეპიზოდის ნაცვლად 8 სერია გადაეღოთ, რამაც ათეულობით მილიონის ზარალი მოუტანა მათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განხილვები სამ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მათ შორის რვა დღე მოწმეების დაკითხვა გასაიდუმლოებულად მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში კევინ სპეისის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მსახიობის ქცევას კავშირი არ ჰქონდა კომპანიის ფინანსურ ზარალთან, თუმცა სასამართლომ მათი პოზიცია არ გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ კევინ სპეისის საწინააღმდეგოდ გამოიტანა.

ფოტო: Getty Images

კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობაში პირველად 2017 წლის ოქტომბერში დაადანაშაულეს, შემდეგ კი ეტაპობრივად კიდევ არაერთმა ადამიანმა დასდო იგივე ბრალი, მათ შორის სერიალზე ბანქოს სახლი მომუშავე პირებმა.

აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო, მათ შორის ნანტუკეტის ერთ-ერთ ბარში 18 წლის ბიჭის დათრობასა და მასზე ძალადობის ბრალდებით, თუმცა მასაჩუსეტსის სასამართლომ კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალდება მოუხსნა მას შემდეგ, რაც მომჩივანმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მეხუთე შესწორების უფლება გამოიყენა.

კიდევ ერთი კაცი, რომელმაც კევინ სპეისის სექსუალური ძალადობისთვის უჩივლა, სასამართლომდე გარდაიცვალა.

როგორც BBC წერს, კევინ სპეისიმ ამ ყველაფრის გამო არაერთი როლი დაკარგა, თუმცა ამ წელს მაინც გამოჩნდა ახალ დაბალბიუჯეტიან იტალიურ ფილმში, რომელიც ფრანკო ნერომ გადაიღო.