ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს "რამდენი თავი ასტკივდება", იმდენჯერ "დასასვენებლად რომ გაუშვან, ამას მოქალაქეები სერიოზულად არ შეხედავენ. მისი მტკიცებით, სახელმწიფოს მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

"ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ და შესაბამისი უწყებების მიერ, ეს არის ფაქტი. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. რაც შეეხება მისი პირადი ექიმის სურვილებს და მისი მეგობრების სურვილებს, რომ მას რამდენი თავი ასტკივდება, იმდენი დასასვენებლად სადღაც კურორტზე უნდა გავაგზავნოთ, ბუნებრივია, ამას არცერთი ჩვენი მოქალაქე და არც სხვა არ შეხედავს სერიოზულად", — აცხადებს ის.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა, მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილების მიმღები პირი რომ იყოს, სააკაშვილს ციხეებს გარეთ, თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნულ ინიციატივას ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, კარდიოლოგი, გიორგი პაპიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის თავისუფალ გარემოში მკურნალობის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს.

სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.

გუშინ, 22 ნოემბერს ენდოკრინოლოგმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.