ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მომხდარი ცვლილებების ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ახლა ციხეშია. მელია ამბობს, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება და "ისტორიას ვერავინ გააყალბებს".

"2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს წაღმა დააწყებინა ტრიალი. ქვეყანა დაადგა განვითარების გზას. შესაძლებელი გახდა: საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული გაის ნაცვლად; დასავლეთი რუსეთის ნაცვლად; გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად; წესრიგი კრიმინალის ნაცვლად; რეფორმები უძრაობის ნაცვლად; აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად; პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად! კიდევ ბევრი რამ! ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება! საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ, ამისი ბოლომდე მჯერა!", — წერს მელია Facebook გვერდზე.

ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა. 2003 წელს, 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამო, მასშტაბური აქციები დაიყო. ცესკოს პირველადი შედეგებს, პარალელური დათვლასა და ეგზიტპოლებს შორის სხვაობამ ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, ამას დაერთო დამკვირვებლების შეფასებებიც და პროტესტი 4 ნოემბერს დემონსტრაციაში გადაიზარდა, რასაც ხელისუფლებამ სპეცრაზმის და შინაგანი ჯარის მობილიზებით უპასუხა. თავდაპირველად ოპოზიცია შედეგების გადათვლას ითხოვდა, შემდეგ პრეზიდენტის და შს მინისტრის გადადგომას. პროტესტის უწყვეტობის და მასშტაბების მიუხედავად, ცესკომ საბოლოო შედეგებით გამარჯვებულად სახელისუფლებო პარტია გამოაცხადა, ედუარდ შევარდნაძემ კი პარლამენტის სხდომა ჩანიშნა. 22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ექსპრეზიდენტი შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მომიტინგეები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი და შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მეორე დღეს, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა და ხელახალი არჩევნები ჩაინიშნა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებით დასრულდა.