შავი ხვრელების დაფიქსირება საკმაოდ რთულია, რადგან ისინი შავია — მათი მასიური გრავიტაციის გამო ამ ობიექტებისგან შუქსაც უჭირს გამოღწევა. მეცნიერებს მათი დაფიქსირება განსაკუთრებულ ვითარებაში შეუძლიათ, მაგალითად, როდესაც ისინი მეზობელ ვარსკვლავს შთანთქავენ, ან ერთმანეთს ერწყმიან, რა დროსაც გრავიტაციული ტალღები წარმოიქმნება.

ამის ფონზე, მნიშვნელოვანია შეკითხვა, თუ რამდენი შავი ხვრელია ჩვენს სამყაროში. კითხვაზე პასუხის გასაცემად, ასტრონომები თეორიულ გამოთვლებს აწარმოებენ. ბოლო კვლევაში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში მილიონობით პატარა შავი ხვრელია, რომლებიც ჯერ არ აღმოგვიჩენია. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში არსებული მატერიის დაახლოებით 1% "შეკრულია" შავი ხვრელების შიგნით.

შავი ხვრელის ინგრედიენტები

ცნობილია, რომ შავი ხვრელები ვარსკვლავებისგან ჩნდება. შესაბამისად, იმის გასარკვევად, თუ რამდენი შავი ხვრელია სამყაროში, მკვლევრებმა წარსულში გაიხედეს. კვლევა ახლახან გამოქვეყნდა arXiv-სა და The Astrophysical Journal-ში.

ამისთვის პირველი ნაბიჯი არის გალაქტიკის ევოლუციის მოდელირება. გალაქტიკები ვარსკვლავების სახლებია და მათი საერთო ევოლუცია გავლენას ახდენს თითოეული ტიპის ვარსკვლავის რაოდენობაზე თუ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ ასტრონომებმა გალაქტიკების ფორმირების და განვითარების პროცესი შეისწავლეს. მათი თქმით, რაც უფრო დიდია გალაქტიკა მას უფრო მეტი გაზი ექნება რათა კიდევ უფრო ბევრი ვარსკვლავი წარმოშვას.

შავი ხვრელის რეცეპტი

ასეთი სამშენებლო ბლოკებით, ასტრონომებმა შეიმუშავეს გალაქტიკებში ვარსკვლავური მოდელი, რომელიც ეუბნებოდა მათ თუ რამდენი პატარა, საშუალო და დიდი ვარსკვლავი ჩნდება სამყაროში. შემდეგ მათ გამოითვალეს ამ ვარსკვლავების ევოლუციის ციკლი, და რაც მთავარია, ის თუ როგორ კვდებიან ისინი.

ცნობილია, რომ ყველაზე დიდი ვარსკვლავების მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოქმნის შავ ხვრელებს, სწორედ ასეთი გამოანგარიშება მეტყველებს იმაზე თუ რამდენი შავი ხვრელი შეიძლება იყოს სამყაროში.

ყველა ამ ნაწილის შეკრებით, ასტრონომებმა შავი ხვრელების რაოდენობა გამოთვალეს. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი შავი ხვრელები, რომლებსაც სუპერმასიური შავი ხვრელებს უწოდებენ, ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე მათი პატარა "ნათესავები". მკვლევრების თქმით, კოსმოსის ყოველ კუბურ მეგაპარსეკში (სადაც მეგაპარსეკი არის მილიონი პარსეკი, ანუ 3,26 მილიონი სინათლის წელი), ჩვენი სამყარო მასპინძლობს დაახლოებით 50 მილიონ პატარა შავ ხვრელს.

პერსპექტივაში რომ ვთქვათ, შავი ხვრელების მასის მთლიანი რაოდენობა ვარსკვლავების მასის დაახლოებით 10% გამოდის. თუმცა, მეორეს მხრივ, სუპერმასიური შავი ხვრელები ძალზე იშვიათია. სავარაუდოდ თითოეულ გალაქტიკაში მხოლოდ ერთი ასეთი გიგანტი მოიძებნება.

საერთო ჯამში, კვლევის თანახმად, შავი ხვრელები შეადგენენ კოსმოსში არსებული მატერიის დაახლოებით 1%-ს. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ სამყაროში შავი ხვრელები საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.