გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში გერმანულენოვანი გამოცემა BILD-ის სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის საქმიანობაზე ყველას შეუძლია საკუთარი აზრი შეიქმნას. ელჩის თქმით, ეს არ იმოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მათ "კარგ თანამშრომლობაზე".

"ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით", — აღნიშნა მან.

გამოცემა BILD-მა გერმანიის ელჩის საქართველოში, ჰუბერტ ქნირშის შესახებ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. ის საუბარია ელჩისა და მისი ცოლის ქართულ ოცნებასთან კავშირებზე, აღნიშნულია, რომ ქნირშს "მუდმივად ბრალს დებენ" ცალმხრივ განცხადებებსა და ქართული ოცნების პოლიტიკური გავლენის ქვეშ ყოფნაში. ამასთან, სტატიაში განხილულია მაგალითი, როცა ელჩმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლების კრიტიკას NGO-ების კრიტიკით უპასუხა.