ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ვარდების რევოლუციის მონაპოვარს დღეს "ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება". მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ამ დღის გახსენება და საზოგადოების იმ ნაწილის მობილიზება, ვისაც სჯერა ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლის.

"ვარდების რევოლუცია, დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის უბედნიერესი ამბის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რის დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თავისუფლებისკენ, საკუთარი ბუნებრივი ადგილისკენ თავისუფალ სამყაროში, ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ, მაგრამ რომელმაც ბოლომდე ვერ გაგვიყვანა თავისუფლების სამშვიდობოს. ამ ყველა მონაპოვარს დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და ზოგადად მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილის, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლების და მომავლის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც ვარდების რევოლუციამ დაიწყო და რაც არ უნდა დავუშვათ, არის ის, რომ ქვეყნის თავისუფლების იდეის მტრებმა ჩვენც ჩაგვითრიონ ამ მორევში, რომ გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამოც მოხდა ვარდების რევოლუცია", — ამბობს გიგა ბოკერია.

ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა. 2003 წელს, 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამო, მასშტაბური აქციები დაიყო. ცესკოს პირველადი შედეგებს, პარალელური დათვლასა და ეგზიტპოლებს შორის სხვაობამ ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, ამას დაერთო დამკვირვებლების შეფასებებიც და პროტესტი 4 ნოემბერს დემონსტრაციაში გადაიზარდა, რასაც ხელისუფლებამ სპეცრაზმის და შინაგანი ჯარის მობილიზებით უპასუხა. თავდაპირველად ოპოზიცია შედეგების გადათვლას ითხოვდა, შემდეგ პრეზიდენტის და შს მინისტრის გადადგომას. პროტესტის უწყვეტობის და მასშტაბების მიუხედავად, ცესკომ საბოლოო შედეგებით გამარჯვებულად სახელისუფლებო პარტია გამოაცხადა, ედუარდ შევარდნაძემ კი პარლამენტის სხდომა ჩანიშნა. 22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ექსპრეზიდენტი შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მომიტინგეები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი და შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მეორე დღეს, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა და ხელახალი არჩევნები ჩაინიშნა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებით დასრულდა.