ფრენსის ფორდ კოპოლას 1992 წლის ფილმში Bram Stoker's Dracula კიანუ რივზისა და ვაინონა რაიდერის პერსონაჟების რომანი იმაზე რეალური ყოფილა, ვიდრე მაყურებლებსა და თავად ვარსკვლავებს ეგონათ. როგორც აღმოჩნდა, მსახიობებმა გადასაღებ მოედანზე ნამდვილი მღვდლის წინ იქორწინეს!

ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ერთმანეთზე რეალურ ცხოვრებაშიც იქორწინეს, მხოლოდ 25 წლის შემდეგ, ფილმ Destination Wedding-ზე მუშაობის დროს აღმოაჩინეს.

"ჩვენ დრაკულაში რეალურად დავქორწინდით. არა, ღმერთს გეფიცებით, ვფიქრობ, რომ დაქორწინებულები ვართ. იმ სცენაში ფრენცისმა [კოპოლამ] ნამდვილი რუმინელი მღვდელი მოიყვანა", — განაცხადა ვაინონა რაიდერმა 2018 წლის ინტერვიუში.

კიანუ ამ აღმოჩენით გაოგნებული იყო, თუმცა, როგორც ჩანს, 3 წლის გასვლის შემდეგ ვაინონას ეთანხმება:

"ქორწინების მთელი ცერემონია ნამდვილი მღვდლების წინ ჩავატარეთ. ვაინონა ამბობს, რომ დაქორწინებულები ვართ. კოპოლაც ეთანხმება. გამოდის, ღმერთის თვალში მართლაც დაქორწინებულები ვართ", — თქვა კიანუ რივზმა ახალ ინტერვიუში.

ამ საყვარელი ისტორიის შესახებ რომანტიკული კომედიის გადაღება ურიგო აზრი ნამდვილად არ იქნებოდა.