არქეოლოგებისა და ისტორიკოსების წყალობით, ჩვენ მშვენივრად ვიცით თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც ადამიანმა ქვის ხანაში ისრის ბუნიკების კეთებიდან ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოყრამდე გადადგა. თუმცა მაშინ, როდესაც საბრძოლო ტექნოლოგიების ევოლუცია ზედმიწევნით კარგად გვაქვს შესწავლილი, ამ პროცესის განმაპირობებელი ფაქტორები ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. რატომ ვითარდებოდა საბრძოლო ტექნოლოგია სხვა ტემპით, ვიდრე არასამხედრო ტექნოლოგია? რატომ იხვეწებოდა ის განსაკუთრებული სისწრაფით ზოგიერთ საუკუნეში, ხოლო სხვა პერიოდებში თითქმის უცვლელი რჩებოდა? ეს არის შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ევოლუციური ანთროპოლოგიის ექსპერტმა, პიტერ ტურჩინმა ითავა.

ტურჩინი — ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში დაბადებული სხვა მრავალი ბავშვი — ადრეული ასაკიდანვე გატაცებული იყო ისტორიით. თუმცა მან აკადემიური მოღვაწეობა შეერთებულ შტატებში დაიწყო, რადგან მამამისი სამშობლოდან დისიდენტობის ბრალდებით გააძევეს. პროფესიული კარიერის გარკვეულ ეტაპზე ტურჩინმა გადაწყვიტა, ისტორია არა დოკუმენტების ანალიზით, არამედ დაუმუშავებელ მონაცემებზე დაკვირვებით შეესწავლა. მკვლევარს სჯეროდა, რომ ეს მეთოდი მას წარსულის უფრო სრული და სანდო ჩარჩოში მოქცეული სურათის დანახვის შესაძლებლობას მისცემდა.

ძველბერძნული ჭურჭლის დეტალი, რომელზეც ჰოპლიტია გამოსახული.

ფოტო: Ancient Art & Architecture Collection Ltd / Alamy

ამ უძველესი დისციპლინისადმი მისი თანამედროვე მიდგომა მთელი რიგი რევოლუციური აღმოჩენების წინაპირობა გახდა. ტურჩინი ისტორიული დინამიკის მკვლევრად ჩამოყალიბდა, რომელმაც ეკოლოგიისგან ნასესხები მათემატიკური მოდელირების ტექნიკები ისტორიული მოვლენების ზუსტი და სწორხაზოვანი გაგებისთვის გამოიყენა. მან კლიომეტრია — ისტორიის შესწავლის მეთოდი, რომელიც ეკონომიკურ თეორიებს იყენებს — კვლევის ახალ და კიდევ უფრო ამბიციურ ქვეკატეგორიად, კლიოდინამიკად აქცია. ეს უკანასკნელი თავის თავში აერთიანებს როგორც სოციოლოგიის, ასევე ანთროპოლოგიის მეთოდოლოგიის ელემენტებსაც. საბოლოო ჯამში, ტურჩინმა ჩამოაყალიბა ორიგინალური მიდგომა, რათა აეხსნა ის, რისი ახსნაც ჩარლზ დარვინმა ვერ შეძლო: ცივილიზაციის ექსპონენციალური სიხშირით ზრდა.

იმაზე დაყრდნობით, რაც მან წინა კვლევებისას შეისწავლა, ტურჩინმა გადაწყვიტა, რომ მორიგ რთულ საკითხს, სამხედრო ტექნოლოგიას შეჭიდებოდა. სტატია, რომელიც მან კლიოდინამიკის ექსპერტთა საერთაშორისო გუნდთან ერთად ახლახან გამოაქვეყნა, ინტერდისციპლინურ ჟურნალში, Plos One დაიბეჭდა. მსოფლიოს ათ სხვადასხვა რეგიონში 10 ათას-წლიანი ისტორიის ანალიზმა ტურჩინსა და მის გუნდს საშუალება მისცა, დაედგინათ ის გარდამტეხი ფაქტორები და გარემოებები, რომლებმაც ჩვენი ცივილიზაციის არსებობის ისტორიაში ყველაზე საზარელი საბრძოლო მანქანების შექმნა განაპირობა. ამ ფაქტორებში გაერთიანდა მოსახლეობის სიდიდე, არასაომარი ტექნოლოგიის განვითარება და გეოგრაფიული კავშირები.

თეორიები საბრძოლო ტექნოლოგიაზე

რადგან მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარების გამოთვლის წინა მცდელობებს ზედმეტად სუბიექტური კრიტერიუმების გამოყენებისთვის აკრიტიკებდნენ, ტურჩინი და მისი გუნდის წევრები შეეცადნენ, რომ მათი ცვლადები მაქსიმალურად ცხადი და გასაგები ყოფილიყო. როგორც ამას თვითონ წერენ, მათი კვლევის უმთავრესი ამოცანა პრეინდუსტრიულ საზოგადოებებში მიმდინარე საბრძოლო ტექნოლოგიის ევოლუციისთვის დამახასიათებელი საერთო ტენდენციების აღმოჩენა იყო. "ტექნოლოგიურ ევოლუციაში ჩვენ ვგულისხმობთ იმ ტექნოლოგიის განახლების (და შესაძლო გაქრობის) დინამიკას, რომელსაც საზოგადოებები დიდი მასშტაბებით იყენებდნენ — იმის განურჩევლად, თუ როგორ მოიპოვა ამ თუ იმ საზოგადოებამ ეს ტექნოლოგია", — წერენ მკვლევრები,

ცხენზე ამხედრებული სამურაი (გვიანდელი მეცხრამეტე საუკუნის ნახატი).

ფოტო: Library of Congress, Washington, D.C.

მართალია, მკვლევართა ნაწილი ტექნოლოგიურ განვითარებას ერთიან სურათში სწავლობს, სამხედრო ტექნოლოგიას უმეტესობა მაინც ცალკე საკვლევ სფეროდ აღიქვამს, რასაც ერთობ გამართლებული მიზეზი აქვს. საბრძოლო მანქანები, როგორც წესი, არ ვითარდება იმავე სიხშირითა და ტემპით, როგორც სხვა სახის ტექნოლოგიები, რაც პირდაპირ მიუთითებს გარემოებაზე, რომ ამ პროცესს განსხვავებული განმაპირობებელი ფაქტორები უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, სამხედრო ტექნოლოგიური წინსვლა შეუდარებელ გავლენას ახდენს ცივილიზაციაზე, ცვლის ძალაუფლებრივ დინამიკას და, შედეგად, საფუძველს უქმნის სხვადასხვა სახის "იდეოლოგიურ განვითარებასაც".

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უდიდესი გარღვევები საბრძოლო ინჟინერიაში ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში განხორციელდა. ამასთან, დროის სვლასთან ერთად ეს გარღვევები უფრო და უფრო მცირე ინტერვალითაა დაშორებული ერთმანეთისგან. ეკონომისტი მაიკლ კრემერი თვლის, რომ მოსახლეობის ზრდასა და სამხედრო ტექნოლოგიის განვითარებას შორის დადებითი თანაკვეთა უნდა არსებობდეს. "დიდი რაოდენობის მოსახლეობა აქეზებს ტექნოლოგიურ განვითარებას, რადგან ასეთ დროს ასევე იზრდება პოტენციური გამომგონებლების რიცხვიც", — აცხადებს ის, — "ჭარბ მოსახლეობაში პროპორციულად დიდია იმ იღბლიანი თუ ჭკვიანი ადამიანების არსებობის ალბათობა, რომელთაც ახალი იდეები შეიძლება დაებადოთ".

მართალია, კრემერის თეორია საკმარისად შთამაგონებელი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიო სტატისტიკის ანალიტიკოსების ყურადღება მიეპყრო, თუმცა ის მაინც არ არის სრულყოფილი. მისი მთავარი ნაკლი ისაა, რომ კრემერი მოსახლეობის სიდიდეს ინფორმაციის გაცვლის წინაპირობად განიხილავს. ტურჩინმა და მისმა გუნდმა კი დაადგინა, რომ ხსენებული კორელაცია არაზუსტია. მათი მოსაზრებით, ინფორმაციის გაცვლა არა მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობაზე, არამედ მის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზეცაა დამოკიდებული. ამის დასტურია ეს მაგალითი: სამხედრო ტექნოლოგიური განვითარება საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობით ისინი თითქმის თანაბარ დონეზე იმყოფებოდნენ.

ტურჩინისთვის მოსახლეობის სიდიდე პაზლის მხოლოდ ერთი, პატარა დეტალია. მასზე არანაკლები მნიშვნელობისაა თუნდაც ინტელექტუალური საკუთრება ან წინარე გამოგონება, რომელიც არ არის აუცილებელი, თავდაპირველად საბრძოლო ხასიათის ყოფილიყო. მაგალითად, როდესაც მეტალურგიასა და მეტალის დამუშავებაში წინსვლა რკინის გუთნის სახით გამოვლინდა, კაცობრიობის მიერ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა სამხედრო ტექნოლოგიის განვითარებასაც შეუწყო ხელი. მეტალზე ეფექტიანად მუშაობის უნარის ქონის გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა დანები, ხმლები, ხანჯლები და საბრძოლო ნაჯახები. ცეცხლსასროლი იარაღები და არტილერიაც კი, რომლებიც რკინის გუთანს საკმაოდ არიან დაშორებული, ამ თავდაპირველი გამოგონების გარეშე ვერაფრით იარსებებდნენ.

პაზლის დასრულება

ტურჩინის მიხედვით, კავალერიის გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მომენტი გახლდათ.

ფოტო: Web Gallery of Art

და მაინც, ამ ეგრეთ წოდებული "დაგროვილი ტექნოლოგიის" გათვალისწინებითაც კი, მეცნიერები გრძნობდნენ, რომ თეორიას რაღაც აკლდა. "მოდელი ვარაუდობს, რომ არსებული ტექნოლოგიის ახალ სფეროებზე მორგებისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო საშუალებები და ცოდნა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია", —განაგრძობს ახსნას ტურჩინი, — "იგივე ვარაუდი ვრცელდება იმ ორგანიზაციულ უნარებზეც, რომელთა დახმარებითაც ამ ტექნოლოგიების დიდი რაოდენობით წარმოებაა შესაძლებელი. სწორედ ესენია ის ღიად დარჩენილი კითხვები, რომლებზე პასუხის გასაცემად მეტი დაკვირვებაა საჭირო".

დაბოლოს, თავსატეხის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც მკვლევრები შეთანხმდნენ, გეოგრაფიული კავშირებია: ინფორმაციის გაცვლა არა შიდა ტერიტორიაზე, არამედ — მოპაექრე სახელმწიფოებსა და მხარეებს შორის.

"როდესაც სახელმწიფოთაშორისი კონკურენციის კონტექსტში ახალი საბრძოლო ტექნოლოგია სარგებლის მომტანი აღმოჩნდება, მაშინვე წარმოიქმნება ეგზისტენციალური საჭიროება მეზობელი საზოგადოებებისთვის, რომ მათაც შეითვისონ ხსენებული ტექნოლოგია და სხვებს განვითარებაში არ ჩამორჩნენ", — წერენ მკვლევრები. უახლეს ისტორიაში ამ პრინციპის დამადასტურებელ გარემოებებს ბირთვული იარაღის შექმნისა და კოსმოსური რბოლის სახით ვხვდებით, თუმცა ტურჩინმა და მისმა გუნდმა პრეინდუსტრიული პერიოდიდანაც აღმოაჩინეს სხვა მსგავსი შემთხვევები. ატომურ იარაღამდე, ცხენზე ამხედრებული ბრძოლა სამხედრო ტაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენდა. ევრაზიის სტეპებში დაბადებული ეს ტექნოლოგია, ისტორიკოსების შეფასებით, მთელ მსოფლიოში უსწრაფესად, თვალის დახამხამებაში გავრცელდა.

სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით, ტურჩინმა კრემერისა და სხვა მეცნიერების ჰიპოთეზებიდან ზოგი დაადასტურა, ზოგიც უარყო. მართალია, საკითხის შესწავლისას დამტკიცდა მოსახლეობის რაოდენობის, წინამდებარე ტექნოლოგიებისა და გეოგრაფიული კავშირების უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ იმავეს თქმა არ შეგვიძლია სხვა ისეთ ცვლადებზე, როგორიცაა საზოგადოების სოციალური და კულტურული განვითარების დონე. ამასთან, ცალკე აღებული, არცერთი ზემოთჩამოთვლილი მახასიათებელი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საომარი ტექნოლოგიის განვითარების პროგნოზირება შევძლოთ. სანაცვლოდ, ტურჩინმა გააერთიანა ის, რაც აქამდე მხოლოდ დაშლილი, დანაწევრებული თუ ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიების სახით არსებობდა. შედეგად კი მან ომის წარმოების ევოლუციის ასახსნელად ერთიანი განტოლება წარმოგვიდგინა.