უპატრონო ცხოველები, რომლებსაც ყოველდღიურად რთულ პირობებში გადარჩენისათვის უწევთ ბრძოლა, თითქმის ყველა ქალაქში მოიძებნებიან.

მსოფლიოში ამ პრობლემასთან გამკლავების არაერთი მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე სასტიკი მათი დაჭერა და შემდეგ დაძინებაა. თუმცა არსებობს უფრო ჰუმანური მეთოდიც, მაგალითად, როდესაც რომელიმე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება მათი მკურნალობა და სტერილიზება/კასტრაცია, რაც არასასურველი ახალი შთამომავლობის მიღებისა და პრობლემის კიდევ უფრო გამწვავების კარგი პრევენციაა.

რა არის სტერილიზაცია ან კასტრაცია?

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს სტერილიზაცია - ეს არის ქირურგიული ჩარევით რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა. მდედრ ძაღლებს 7 თვემდე ასაკში უკეთდებათ კასტრაცია, ხოლო მამრებს უმჯობესია 7-9 თვემდე ჩაუტარდეთ სტერილიზაცია. კატების შემთხვევაში კი მამრებს 6 თვე ან ზემოთ, ხოლო მდედრებს 5 თვემდე ასაკში.

ფოტო: calciumchloridecastration

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ცხოველის რეპროდუქციულობის ხელოვნური გზით შეწყვეტა ისეთივე სასტიკი ქმედებაა, როგორც ნებისმიერი სხვა ფორმით მათზე ძალადობა იქნებოდა. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ცხოველის ნორმალურ ზრდა-განვითარებას საფრთხე ექმნება, რაც მათ ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

სინამდვილეში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე და მათ სიცოცხლეს მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ამის შესახებ რუსთავის ვეტერინარული მომსახურების ცენტრის თანამშრომელს, ვეტერინარ ლილი მეჟლუმიანს გავესაუბრე და მან სტერილიზაციის დადებით მხარეებზე მიამბო. მისი თქმით, ამ ქმედებას აქვს სამი ძირითადი დადებითი ფაქტორი:

1. ქუჩის ცხოველების მოუგვარებელი პრობლემა

ფოტო: forcechange

თანამედროვე კვლევებით შეიძლება ითქვას რომ ეს საჭირო პროცედურაა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქუჩის ცხოვრლების პრობლემა საკმაოდ აქტუალურად დგას ჩვენს ქვეყანაში, სამომავლოდ ეს ოპერაცია ბევრ პრობლემას თავიდან აგვაცილებს.

2. სტერილური ცხოველები ნაკლებად აგრესიულები არიან

ფოტო: themes

ცხოველები, რომელთაც სტერილიზაციას უკეთებენ, ნაკლებად აგრესიულები და მეტად მოსიყვარულეები არიან. არ კარგავენ თამაშის სურვილსა და ხალისს, როგორც ეს საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია.

3. ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება

ფოტო: besttorontodogtrainer

ასევე თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ სტერილური ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლით იზრდება, რადგან ჰორმონ დამოკიდებული სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის სიმსივნის რისკი მცირდება, ასევე გამოვრიცხავთ ისეთ დაავადებებს როგორიც არის კისტა და პიომეტრა (საშვილოსნოს ჩირქოვანი ანთება), სათესლე ჯირკვლის სიმსივნეს, საკვერცხეებისა და ტრანსმისიულ დაავადებებს.

კერძო კლინიკებში ოპერაცია ფასიანია, ამ შემთხვევაში ფასი ინდივიდუალურია და როგორც წესი ცხოველის წონის, ასაკისა და ჯიშის მიხედვით მერყეობს. ხოლო მუნიციპალური სამსახური ქუჩის ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციას უფასოდ აკეთებს.