სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით სასამართლო მექანიზმის შექმნას ითხოვს. მისი თქმით, ეს იქნება დროებითი მექანიზმი მანამ, სანამ საქართველოს სასამართლო სისტემას შესაბამისი ნდობა არ ექნება.

"უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით მოკლე ვადაში, დაორგანიზდეს სასამართლო მექანიზმი, რომლითაც საკუთარი თავის, საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება მიხეილ სააკაშვილს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი. ეს არის დროებითი მექანიზმი იმისათვის, რომ სანამ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას არ ექნება შესაბამისი ნდობა საზოგადოების მხრიდან, მანამდე იყოს გამოყენებული არამხოლოდ პრეზიდენტებთან მიმართებაში, არამედ სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ, აქტუალურ საქმეებთან მიმართებაში, სხვადასხვა ბიზნესდავებში და ა.შ.", — აცხადებს ის.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მზადაა წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. მისი თქმით, თუ სასამართლო პროცესი ჩატარდება "ეროვნული ღირსების, სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით", მაშინ ის ნებისმიერ განაჩენს დაემორჩილება. მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს ის უკანონო პატიმარია.