ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ, 23 ნოემბერს, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვით აქციას გამართავენ. ღონიისძიების ორგანიზატორი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია.

"2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება "ჩაწყობის" გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია — რუსული "გაის" ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი — მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი — კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა — სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები — უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი — რუსეთის ნაცვლად", — წერია ღონისძიების აღწერაში.

ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა. 2003 წელს, 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამო, მასშტაბური აქციები დაიყო. ცესკოს პირველადი შედეგებს, პარალელური დათვლასა და ეგზიტპოლებს შორის სხვაობამ ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, ამას დაერთო დამკვირვებლების შეფასებებიც და პროტესტი 4 ნოემბერს დემონსტრაციაში გადაიზარდა, რასაც ხელისუფლებამ სპეცრაზმის და შინაგანი ჯარის მობილიზებით უპასუხა. თავდაპირველად ოპოზიცია შედეგების გადათვლას ითხოვდა, შემდეგ პრეზიდენტის და შს მინისტრის გადადგომას. პროტესტის უწყვეტობის და მასშტაბების მიუხედავად, ცესკომ საბოლოო შედეგებით გამარჯვებულად სახელისუფლებო პარტია გამოაცხადა, ედუარდ შევარდნაძემ კი პარლამენტის სხდომა ჩანიშნა. 22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ექსპრეზიდენტი შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მომიტინგეები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი და შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მეორე დღეს, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა და ხელახალი არჩევნები ჩაინიშნა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებით დასრულდა.