ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რეჟისორმა რიდლი სკოტმა დაადასტურა, რომ მისი ორი გამორჩეული ფილმის — Blade Runner-ისა და Alien-ის სერიალებზე მუშაობს.

BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა აღნიშნა, რომ Blade Runner-ის სერიალის საპილოტე ეპიზოდის სცენარი უკვე დაწერილია და ამჟამად Alien-ის საპილოტე ეპიზოდზე მუშაობენ.

Alien-ის ისტორიის გაგრძელება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დააანონსდა, თუმცა რეჟისორს Blade Runner-ის სერიალის შესახებ აქამდე არ უსაუბრია.

Alien 1979 წელს გამოვიდა და დღემდე სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელება ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კლასიკად ითვლება 1982 წლის ფილმი Blade Runner-იც, რომლის მეორე ნაწილი — Blade Runner 2049 დენის ვილნევმა 2017 წელს გადაიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ აღნიშნული ფილმის მიხედვით ანიმეს — Blade Runner: Black Lotus-ის პრემიერაც შედგა.

ჯერჯერობით სერიალებთან დაკავშირებული ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა თუ მათ შექმნაში რიდლი სკოტია ჩართული, შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ მოლოდინები გაგვიმართლდება.

ცოტა ხნის წინ რიდლი სკოტის ახალი ფილმის, გუჩის სახლის პრემიერა შედგა. გუჩის სახლი, რომელშიც მთავარ როლებს ლედი გაგა (პატრიცია რეჯიანი) და ოსკარის ორგზის ნომინანტი, ადამ დრაივერი (მაურიციო გუჩი), ასრულებენ, ცნობილი მოდის სახლის მმართველი ოჯახის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, კრიმინალური და ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი მსოფლიოს კინოთეატრებში 24 ნოემბრიდან გამოვა.

ამავე თემაზე: