კულტურის სამინისტროს ბრიფინგზე მთავარი არხისა და TV პირველის ჟურნალისტები არ შეუშვეს. ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის უფროსები აცხადებენ, რომ სამინისტროს პრესსამსახურს მათი ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავს, რა გახდა ბრიფინგზე დასწრებაზე უარის თქმის მიზეზი.

როგორც On.ge-ს მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თეო გილიგაშვილმა განუცხადა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც კულტურის სამინისტროს ბრიფინგზე მათი ჟურნალისტი არ დაუშვეს. გილიგაშვილის თქმით, სამინისტროს პრესსამსახურს მათთან კომუნიკაცია არ აქვს და არც ზარებს პასუხობს, შესაბამისად, არც ამჯერად განუმარტავთ, რატომ არ შეუშვეს ბრიფინგზე.

"ჩვენ კულტურის სამინისტრო არ გვაგებინებს არასდროს რამე ღონისძიება თუ აქვთ. ამის შესახებ ვიგებთ სამთავრობო არხებზე, როდესაც ვხედავთ, რომ თეა წულუკიანი თურმე დადგა და ბრიფინგი ჰქონდა. დღეს სრულიად შემთხვევით გავიგეთ, რომ დღეს სამ საათზე იყო ბრიფინგი, ამიტომ, გავუშვით ჯგუფი. პრესსამსახური არასდროს გვაპუსობს, პრესსამსახურის არცერთი თანამშრომელი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ამიტომ, ვერ დავუკავშირდით, რომ ჩვენც იქ ვიყავით და დაცვამ გამოიძახა მხოლოდ სამთავრობო არხები, ჩვენ არ შეგვიშვეს", — ამბობს გილიგაშვილი.

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ კულტურის მინისტრის მხრიდან ბრიფინგზე კონკრეტული ტელეკომპანიების ჟურნალისტების დაშვებაზე უარის თქმა არის დისკრიმინაცია და მათ საქმიანობაში ხელის შეშლა.

"ეს არის დისკრიმინაცია, რომელსაც იჩენს კულტურის მინისტრი მედიის, ამ შემთხვევაში კრიტიკული მედიის მიმრთ; არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და გარდა ამისა, საკუთარ ანგარიშვალდებულებაზე ამბობს უარს, იმიტომ, რომ ღია ღონისძიება, რომელიც არის პრესკონფერენცია, არ არის ვინმესთვის ექსკლუზიური ინტერვიუ, ეს არის ღია ღონისძიება, რომელზეც თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს მედიას", — აცხადებს ის.

ნოდარ მელაძის თქმით, აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს, რათა მან შეისწავლოს საკითხი და დაადგინოს, არის თუ არა აღნიშნული ქმედება დისკრიმინაცია.

ტელეკომპანია ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნანა ინწკირველი ამბობს, რომ ისევე, როგორც მთავარ არხსა და TV პირველს, ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ და გასაშუქებლად მისვლა ვერ მოასწრეს. ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა არც კავკასიას.

On.ge ამ საკითხზე დაუკავშირდა კულტურის სამინისტროს, თუმცა პრესსამსახური არც ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.