აშშ-ში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე ასტრონომთა ახალი კვლევის თანახმად, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს შორეული ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შესწავლის გზით მათზე სიცოცხლის არსებობის განსაზღვრა სულ რაღაც 20 საათში შეუძლია. ამის შესახებ ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე arXiv არის ხელმისაწვდომი.

NASA დედამიწის ორბიტაზე მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის გაშვებას დეკემბერში გეგმავს, რაც მრავალი ჩვენგანისთვის ნანატრი მომენტია. გამორჩეული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სპეციალისტები მასზე დიდ იმედს ამყარებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხელსაწყო მზის სისტემის მიღმა მოძრავ, სიცოცხლის გაჩენისთვის ხელსაყრელი პირობების მქონე ციურ სხეულებს უმოკლეს დროში დააფიქსირებს.

ამისთვის ტელესკოპი ტრანზიტის მეთოდს გამოიყენებს, რომლის მეშვეობითაც ეგზოპლანეტებს თავიანთ ვარსკვლავებთან ჩავლისას შენიშნავს, რადგან ამ პროცესში მნათობებისგან მომავალი სინათლე იცვლება. სპექტროსკოპის მიერ მოპოვებული მონაცემები კი აღნიშნული ობიექტების აირად გარსში ბიოლოგიურ ორგანიზმებზე მიმანიშნებელი კვალის აღმოჩენაში დაგვეხმარება.

იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანს მოანდომებს ტელესკოპი ამ ყველაფერს, მეცნიერებმა ზემოხსენებული მეთოდი TRAPPIST-1e-ის სახელით ცნობილ ციურ სხეულზე გამოცადეს, რომელზეც, მათი ვარაუდით, არქაული დედამიწის მსგავსი ატმოსფერული პირობებია. მკვლევრებმა ყურადღება მეთანისა და ნახშირორჟანგის სახით წარმოდგენილ ბიოკვალზე გაამახვილეს და დაასკვნეს, რომ კოსმოსურ ობსერვატორიას მათ დასაფიქსირებლად 5-10 ტრანზიტის განმავლობაში მიღებული სპექტრული ინფორმაცია ეყოფოდა, რომლის მოპოვებასაც დაახლოებით 20 საათი სჭირდება (ღრუბლებისა და ნისლის შემადგენლობის გაუთვალისწინებლად).

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ატმოსფერო მოწმენდილი იყოს, ღრუბლებისა და ნისლის ფენის წნევა კი 100-დან 600 მილიბარამდე მერყეობდეს. TRAPPIST-1e-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 10 მილიბარია, ამიტომ ტელესკოპი იქ CH4/C02-ს 50-მდე ტრანზიტის, ანუ 200-საათზე მეტხნიანი დაკვირვების შემდეგ შენიშნავდა.

ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი მილიონობით ეგზოპლანეტაა, რომელიც წითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება. იმედოვნებენ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით მათ უკეთ შევისწავლით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.