50-იანი წლების ბოლოს ახალგაზრდა კალიფორნიელმა სერფერებმა გაიაზრეს, რომ თუ თავიანთ დაფებს ბორბლებს დაუმაგრებდნენ, 200 წლის განმავლობაში ნაშენები მათი ბეტონის ქალაქი ტალღებად იქცეოდა.

ახალგაზრდა სერფერებში სკეიტბორდინგის კულტურის აღმოცენება შემთხვევითობა არ ყოფილა. ისინი იყვნენ ენთუზიაზმით სავსე, თავისუფლების მოყვარული, ინოვატორი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ცხოვრების სტილი უყვარდათ და ბოლომდე მისადმი ერთგულებას ინარჩუნებდნენ. მხოლოდ ასეთი ახალგაზრდები თუ დაინახავდნენ ცემენტის ქალაქის არქიტექტურაში იმ პოტენციალს, რომელიც დღევანდელ სკეიტბორდ კულტურაში დევს.

ამ წვლილით განსაკუთრებით Z-boys Crew გამოირჩევა, რომელსაც დოგთაუნის ადგილობრივი სერფ შოპი აფინანსებდა. 1972 წელს დიზაინერმა ჯეფ ჰომ, ანტრეპრენერმა სკიფ ენგბლომ და არტისტმა კრეგ სტეზიკმა, Zephyr Productions-ის სახელით, სერფინგების წარმოება და გაყიდვა დაიწყეს.

ფოტო: Dogtown Coffee

ეს არ იყო მეინსტრიმული მაღაზია კარგად ნაცნობი დაისების და ქვიშიანი პლაჟების ესთეტიკით, რომელიც ბიჩ ბოისის სერფ როკის მსმენელებს მოხიბლავდა. დამფუძნებლებს სერფინგის დაფების მეინსტრიმული სტილი დოგთაუნის ბინძურ და გაღატაკებულ გარემოსთან შეუთავსებლად ეჩვენებოდათ. ექსცენტრული დიზაინერი და რაიდერი ჯეფ ჰო ახლისა და უნიკალურის ძიებაში მუდმივად ანვითარებდა სერფინგის დაფების დიზაინს და შემდეგ თავად ამოწმებდა მათ შესაძლებლობებს. არტისტი კრეგ სტეზიკი, კი ვიზუალურ ინსპირაციას ადგილობრივი ბანდების გრაფიტებსა და ხასხასა ლოუ რაიდერ მანქანების ახალ კულტურაში პოულობდა.

ჯეფ ჰომ და ენგბლომ, Zephyr შოპის სახელით, ადგილობრივი საუკეთესო სერფერებისგან დაკომპლექტებული გუნდი შექმნეს. ეს კალიფორნიაშიც კი ყველაზე არახელსაყრელი პერიოდი იყო სერფინგისთვის. თუ თავს სერფერს დაარქმევდი, სავარაუდოდ, დროფაუთი უფრო იყავი ვიდრე სერფერი. მიუხედავად ამისა Zephyr-ის გუნდში ყოფნა ახალგაზრდებში პრესტიჟს ნიშნავდა. მაღაზიამაც თავისი იდენტობა შეიძინა და ნელ-ნელა კლუბს დაემსგავსა, რომელიც ამ გუნდს სახლობდა.

პეგი ოკი, ზედმეტსახელად Z-Girl, Z-boys-ის ერთადერთი ქალი წევრი იყო.

ფოტო: i-D

ტალღები დღის განმავლობაში შეიძლება სულ ერთ საათით ყოფილიყო, ამიტომ დანარჩენ დროს, Z-boys და სხვა ენთუზიასტი სერფერები თავიანთი ქვის ხანის სკეიტებს თვითონვე აწყობდნენ და ქალაქში სერფერობდნენ. მათ ბორბლებს რამდენიმე საათში გამოცვლა სჭირდებოდა, "კატაობისას" კი ხშირად იჭედებოდა და რაიდერებს ასფალტზე ახეთქებდა.

ეს რეალობა ძალიან სწრაფად შეიცვალა, როდესაც ერთ-ერთმა კალიფორნიელმა სერფერმა ბორბლებისთვის ახალ მატერიას მიაგნო. კომერციული სკეიტბორდებიც მალევე განვითარდა და მათი შესაძლებლობები იმისგან, რასაც დღეს ლონგბორდს ვეძახით, დიდად აღარ განსხვავდებოდა. Z-boys-ს, ისევე როგორც სხვა სერფერებს, ვეღარაფერი შეაჩერებდა. მათ სწრაფად აითვისეს ქალაქის ხელსაყრელი სფოთები. ლამაზი და მოხერხებული მოძრაობებით საკუთარ სტილს ქმნიდნენ, რაც სკეიტერის აუცილებელ ატრიბუტად მიაჩნდათ.

თუ "კატაობ", კარგადაც უნდა გამოიყურებოდე, რადგან ეს ის დროა, როცა საკუთარ თავს გამოხატავ — ასე მიაჩნდათ Z-boys-ს და ასეც აფასებდნენ ერთმანეთის სპორტს. ჩაცუცქულები აღმართ-დაღმართზე უხვევდნენ და ტრიალებდნენ. ხელით ასფალტს შეიგრძნობდნენ და მათი გრძელი თმები სიჩქარისგან დაფრინავდა. სკეიტბორდები ფეხებქვეშ ტალღებს ხატავდნენ, სანამ მისი რაიდერები დროდადრო უწონადობას შეიგრძნობდნენ. ისინი არ ფიქრობდნენ სკეიტბორდის კარიერულ პერსპექტივაზე ან მომავალზე, რომელიც არავინ იცოდა, რა იყო, მაგრამ გართობისა და ცნობისმოყვარეობის პროცესში გაუაზრებლად ქმნიდნენ მას.

ფოტო: Pinterest

70-იანებში კალიფორნიამ ყველაზე ცუდი გვალვა გამოცადა. ხალხი წყალს ყველაფერში ზოგავდა. შედეგად დოგთაუნის მდიდრული სამეზობლოების ეზოებში გამომშრალი აუზები გაჩნდა. ერთხელ მაინც თუ გინახავთ, ალბათ უკვე გაგახსენდებოდათ დღევანდელი სკეიტპარკები. აი Z-boys-ს კი წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოხდებოდა ამ აუზებში, მაგრამ მალევე გასაგები გახდა, რომ კარგად გაერთობოდნენ. ისინი დადიოდნენ ქუჩებში და მანქანის სახურავიდან საუკეთესო აუზებს ეძებდნენ, შემდეგ წმენდნენ, ბოლომდე აშრობდნენ, "კატაობდნენ", იგონებდნენ ახალ ილეთებს და ბოლოს პოლიციას გაურბოდნენ.

ეს გართობა მალე სანახაობად იქცა, სადაც შეჯიბრებაში ერთმანეთს აოცებდნენ. Zephyr შოპის მენეჯმენტთან ერთად გუნდის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, შემდეგ მაღაზიის ბიზნესი გაფუჭდა და ბიჭები ფულიანმა სპონსორებმა დაიტაცეს. მათ სკეიტბორდებით სხვადასხვა ჟურნალი და შემდეგ მსოფლიოც მოიარეს, გზად დაგროვებული სიმიდრე კი უფასო ფულად ეჩვენებოდათ. ჟურნალი სკეიტბორდერი 60-იანების მოკლევადიანი არსებობის შემდეგ დიდი პოპულარობით დაბრუნდა, ათეულში გუნდის ხუთი წევრი მოხვდა, ტონი ალვა კი წლის საუკეთესო სკეიტერად დასახელდა.

ფოტო: The Hundreds

ასე დაიწყო სკეიტბორდ კულტურის პოპულარიზაცია, რომელიც დროთა განმავლობაში ბევრჯერ მიივიწყეს და რომელსაც ახალი ვარსკვლავები თავიანთი ახალი გამოგონებებით სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. უმეტესობა მათგნი სკეიტერი იყო, იქნებოდნენ ეს ჟურნალის რედაქტორები, სკეიტბორდების მწარმოებლები, შეჯიბრებების ორგანიზატორები თუ სხვები. სტეისი პერალტამ, რომელიც Z-boys-ის ერთ-ერთი საუკეთესო წევრი იყო, პროფესიონალური სკეიტბორდინგი შეწყვიტა და თავის კომპანიასთან ერთად ახალი გუნდი — Bones Brigade შექმნა. ამ გუნდში შედიოდნენ ისეთი სკეიტერები, როგორებიცაა: სტივი კაბარელო, ტომი გურერო, ლენს მაუნთინი, ტონი ჰოვკი, მაიკ მაკგილი, ალან გელფანდი, როდნი მიულენი და სხვები.

ეს რევოლუციური სკეიტერები 80-იანებში აკეთებდნენ იმას, რაც 70-იანებისთვის Z-boys-მა ქნა. ალან გელფმანდმა გამოიგონა ოლი, რამაც ბარიერებზე შეხტომა და გადახტომა გახადა შესაძლებელი. როდნი მიულენი ფრისტაილის პიონერი გახდა და ძირითადი ილეთების გამოგონებით ქუჩის სკეიტბორდინგს ჩაუყარა საფუძველი. მოგვიანებით პარელტა Zephyr შოპის არტისტს და მის მენტორს, კრეგ სტესიკს შეუერთდა. მათ ერთად გაკაფეს გზა სკეიტბორდინგ ვიდეოებში, რომელიც Bones Brigade-ის საოცარ ტალანტებს წარმოაჩენდა.

ფოტო: The Ratscape

ფოტო: Hypebeast

ფოტო: Thrasher Magazine

Thrasher Magazine-ს ყდაზე ყოველ კვირას ჩნდებოდა სხვადასხვა პროფესიონალი. ვერტიკალურ რამპებზე სკეიტერები კვლავ ხტებოდნენ გასაოცარ სიმაღლეებზე და ჰაერში ილეთებს ასრულებდნენ. უკან მომავალში მაკფლაი სკეიდბორდით ბულერებს გაურბოდა. მიუხედავად ამისა, სკეიტბორდ კულტურას საუკუნის ბოლომდე მოუწია საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლა, რამაც მასზე სამუდამო კვალი დატოვა. სკეიტპარკების და რამპების სიმცირე სკეიტერებს ქუჩებისკენ უბიძგებდა. სპორტის ამ ეტაპზე ასფალტები საკმარისი აღარ იყო. სავარჯიშო ბარიერები და გლუვი ზედაპირები სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სივრცეში უნდა ეპოვათ, რაც საზოგადოების უკმაყოფილების და ხშირად პოლიციასთან ან დაცვასთან დავის მიზეზი ხდებოდა. ასე იფილტრებოდნენ სკეიტერები 90-იან წლებამდე, რის შემდეგაც მხოლოდ მცირე მათგანი აგრძელებდა პროფესიონალურ განვითარებას.

ფოტო: the thrasher magazine

მომდევნო დეკადებში, წნეხით დაპრესილმა სკეიტ კულტურამ არნახული პოპულარობით იფეთქა. არაჩვეულებრივი გართობა, რომელიც ქუჩებში აკრძალულია — ამაზე მეტად რა მოხიბლავდა თავისუფლებისთვის აჯანყებულ ახალგაზრდებს. კალიფორნიის ცუნამი მთელს პლანეტას გადაესხა. ქალაქში მგორავი პატარა დაფები, მათზე მდგარი განძთმაძიებლების მარშრუტებს გამცნობენ. სურვილები სიძნელეების გადალახვას ითხოვენ, გამბედაობა კი უხვი შეგრძნებებით გასაჩუქრებს. სახლისკენ მიმავალი, ფრუსტრირებულ სახეებს და ცრურწმენებს, მოძრაობის თავისუფლებაში აღმოჩენილი სიამოვნებებით ფანტავ. ქალაქს ახლა სულ სხვა ტემბრი აქვს. არ გაჩერდე!