ედი რედმეინი, რომელიც 2015 წელს ფილმში The Danish Girl ტრანსგენდერი ქალის როლის შესრულებისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული, ფიქრობს, რომ ამ ფილმში მონაწილეობა შეცდომა იყო.

"იმავე შემოთავაზებაზე ახლა უარს ვიტყოდი. ამ ფილმში მონაწილეობისას ცუდი განზრახვა არ მქონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო", — ამბობს მსახიობი The Sunday Times-თან ინტერვიუში.

რედმეინი სისგენდერი ჰეტეროსექსუალი მსახიობია, რომელმაც დანიელი მხატვრის, ლილი ელბას, როლის შესრულებისთვის კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ლილი ელბა პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ტრანზიცია გაიარა და დაბადებისას მინიჭებული სქესი შეიცვალა. სწორედ ეს ამბავია ფილმშიც აღწერილი.

როლის შესრულებით მიღწეული წარმატების მიუხედავად, რედმეინი კასტინგის დროსაც და მერეც ამასთანავე კრიტიკის ობიექტი იყო.

ფოტო: Wikimedia Commons / Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ რედმეინი ფილმის წარმატებაში საკუთარ წვლილს აღიარებს, ის ფიქრობს, რომ მომავალში ასეთი როლები ტრანსგენდერმა მსახიობებმა უნდა შეასრულონ.

"ჩემი იმედგაცრუების დიდი ნაწილი კასტინგს უკავშირდება იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს მასში მონაწილეობის საშუალება არ აქვს. სიტუაცია უნდა დაბალანსდეს, თუ ამ დებატების გაგრძელებას ვაპირებთ", — ამბობს რედმეინი.

რედმეინმა 2014 წელს გადაღებულ ფილმში ყველაფრის თეორია სტივენ ჰოკინგის როლის შესრულებისთვის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში ოსკარი მიიღო. მსახიობი ახალ ფილმზე Cabaret მუშაობს, რომელიც 1972 წლის მიუზიკლის განახლებული ვერსიაა.