პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა და რეკლამების აკრძალვა, მეორე ეტაპზე, კი ონლაინ კაზინოთა სრულად აკრძალვა სურს. გარდა ამისა, მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე უნდა გაიზარდოს.

"მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ კაზინოების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები, ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს მილიარდს ხუთას მილიონ ლარს. ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და ფინანსთა მინისტრს აქვს უკვე ხედვა, ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ბატონი მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში, მილიარდ ხუთასი მილიონი და აქედან დიდი ნაწილი, 99% არის გაჭირვებული მოქალაქეები, გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ. ამიტომ პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე, 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები, აი, ეს ხედვა მაქვს", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მზადაა ამაზე ღიად ისაუბროს და იმედი აქვს, რომ ამ მიმართულებით იქნება საზოგადოების მხარდაჭერაც. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტთან აქტიურად იმუშავებენ და "ოპტიმალურ, გონივრულ" გადაწყვეტილებას მიიღებენ ერთობლივად.

არჩევნებამდე ღარიბაშვილი კაზინოების აშენებაზე საუბრობდა. მაგალითად, წინასაარჩევნო შეხვედრისას გონიოში განაცხადა, რომ იქ ახალი ქალაქი უნდა აშენდეს, "თავისი კაზინოებით".