პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალური დახმარების ნაცვლად, მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ პროგრამას სულ რამდენიმე კვირაში წარადგენენ.

"მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ მანკიერი სისტემა გაჯანსაღებული ახალი სისტემით. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილები პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები და ასეთი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათიათასობით", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მოქალაქეები "უმუშევრობას, უმოქმედობას და სიღარიბეს" შეაჩვიეს.

"მოგეხსენებათ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები არის შემაშფოთებელი, ვთქვათ პირდაპირ, რომ რეალურად ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი, იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა, შემაშფოთებელი და ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, უნდა შექმნან ისეთი მოქნილი სისტემა, რომ ერთი მხრივ, მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ "კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის" და ამის გარდა, დამატებით დაიწყონ ახალი სამუშაოები.

"ორი-სამი სამუშაო ადგილიც შეუძლიათ, რომ მათ პარალელურად იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში. იყიდონ ტელევიზორი, მაცივარი, სახლებიც გაარემონტონ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა", — თქვა მან.

პრემიერმინისტრის თქმით, იმედი აქვს, რომ იანვრიდან ეს პროგრამა უკვე დაიწყება. მისი შეფასებით, ეს "რეალობას მთლიანად შეცვლის, ახალ შრომის კულტურას" ჩამოაყალიბებს და შრომისუნარიან მოქალაქეებს გაუჩენს მოტივაციას, რომ "რეალური საქმით" დასაქმდნენ.