მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტის სამკურნალო ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგის და ფსიქიატრის დამატებაა საჭირო. ამის მიზეზად ყიფშიძე ასახელებს იმას, რომ ექსპრეზიდენტს აქვს პოსტტრავმული სინდრომი.

"მე მგონია, რომ საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ გავაგრძელოთ, ასე თუ ისე, მკურნალობა მისი [...] აქ უფრო მშვიდად არის, რასაკვირველია. მადლობას უხდის კიდევ ერთხელ გორის ჰოსპიტალის სტაფს — მთავარ ექიმს, მკურნალ ექიმს და ა.შ. დიდი განსხვავებაა ახლა ამას და გლდანს შორის, მაგრამ, საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა. როგორც გუშინ გითხარით, თავისუფალი მკურნალობა ერთია და სხვანაირი მკურნალობა სხვა არის", — განაცხადა ყიფშიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილმა სთხოვა ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მასთან მისვლა. ყიფშიძის თქმით, ჯიშკარიანის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფში შედის როგორც ფსიქოლოგი, ისე ფსიქიატრი.

"ის [მიხეილ სააკაშვილი] ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება და დროული იქნება, რომ ქალბატონი მარიამი თავის ჯგუფთან ერთად მოვიდეს შემდეგ 2-3 დღეში", — ამბობს ყიფშიძე.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბადრაგმა სააკაშვილს არ აძლევდა ფანჯრის გაღების საშუალებას, ყიფშიძე ამბობს, რომ სააკაშვილს უნდოდა ისეთივე ფანჯრის დამონტაჟება, როგორიც ციხის საავადმყოფოში ჰქონდა. ექიმის ინფორმაციით, ამას მოჰყვა "გართულებები", თუმცა ირწმუნება, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

"დღეს მე შევხვდი ბადრაგს, შევხვდი სამხედროებს, შევხვდი ჰოსპიტლის ადმინისტრაციას, შემდეგ ყველა ერთად შევედით ბატონ პრეზიდენტთან და ეს ამბავი, მე მგონი, დამთავრდა და აღარ იქნება ასეთი ინციდენტები. მოგახსენებთ, რომ ახლა თვითონ ფანჯარა ნორმალურია, მაგრამ უნდოდა დაყენება, რამდენადაც მე ვიცი, ისეთივე ფანჯრის, როგორიც გლდანის ციხეში ჰქონდა, რომელიც იხსნება დაახლოებით ერთი სანტიმეტრით. პრეზიდენტს, იმის გამო, რომ ვერ დადის და ვერ გადაადგილდება, სჭირდება მზის სხივები, მზის სინათლე და ამაზე იყო დიდი გართულებები, მაგრამ, ახლა ეს პრობლემა გადაწყდა", — განაცხადა ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა.

19 ნოემბერს კი იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და განაცხადა, რომ განთავსებისთანავე შიმშილობას შეწყვეტს.

სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო სახელმწიფოს მის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და შიმშილობის მერე ადეკვატური მკურნალობა დაავალა, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.