ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსული პარტიის, ალტ ინფოს აკრძალვის მოთხოვნა სახიფათოა. ის თვლის, რომ ეს ნაბიჯი სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც.

"ძალიან სახიფათოა ამ გზით დადგომა, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და თუნდაც, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მტრული იდეების აკრძალვა უნდა მოხდეს, ან პარტიის აპრიორი აკრძალვა. საკონსტიტუციო ჩანაწერის ასე ფართოდ წაკითხვა საფრთხეს შეუქმნის მომავალში ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს და ზოგადად, თავისუფლებას", — აცხადებს ბოკერია.

ალტ ინფომ პარტია გუშინ, 20 ნოემბერს დააფუძნა და მას კონსერვატიული მოძრაობა უწოდა. პარტიის თავმჯდომარედ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.

იმავე დღეს დეპუტატების ნაწილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ. ისინი ეყრდნობიან კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.