ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილის ინფორმაცით, ამჟამად საავადმყოფოში 122 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. პედიატრის თქმით, 20 მათგანი რეანიმაციაშია, აქედან ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

"კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი. აქედან 20 მკურნალობს ინტენსიური თერაპია-რეანიმაციის განყოფილებაში. სამწუხაროდ, ერთი პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე და იმყოფება აპარატულ მხარდაჭერაზე. დანარჩენის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. არის წლამდე ასაკის ბავშვები მომართვიანობის ნაწილში და ასევე პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ქრონიკული თანმხლები დაავადებები", — განაცხადა რეხვიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

მისი თქმით, დაბალია კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებელი. როგორც პედიატრი ამბობს, ამჟამად კლინიკაში მყოფი 122 ბავშვიდან მხოლოდ 9 მათგანის მშობელია აცრილი.

პედიატრი მოუწოდებს მშობლებს აიცრან თავად და ის ადამიანებიც, ვისაც ბავშვებთან აქვს კონტაქტი, რათა შემცირდეს მათი ინფიცირების რისკი. რეხვიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია აიცრან 12 წელს ზემოთ მოზარდებიც.

9 ნოემბრიდან საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვებიც ვაქცინაციაცაა შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ისინი მშობლის თანხმობით, შეძლებენ, რომ Pfizer-ის ორი დოზით აიცრან.

გაიგე მეტი: