ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი აცხადებს, რომ ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის წინააღმდეგ ბრძოლაა. ასე გამოეხმაურა ის სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილს, რომელმაც მისი წაჩხურუს წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში მისვლა გააპროტესტეს.

"იმ ხალხსაც ვლოცავ. თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ვლოცავ. მე მართლა, მთელი გულით ვლოცავ. მინდა, რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ, უფლის გზა დაინახონ და მივიდნენ უფალთან. ახლა, რასაც ესენი აკეთებენ, თავის მოქმედებითაც, არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს თავისი შინაარსით, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა. აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ რამე მათ უნდათ გამოხატონ, ლოცვით გამოხატონ და სიყვარულით გამოხატონ", — განაცხადა მიტროპოლიტმა.

სტეფანე კალაიჯიშვილი, რომელმაც ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტად გამწესების შემდეგ არაერთი სასულიერო პირი განკვეთა, ამტკიცებს, რომ არავის არ ებრძვის და ყველასთვის სიკეთე უნდა.

დღეს, სალხინოში, სოფელ წაჩხურუში ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის გამოჩენას დაძაბულობა მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

"მრუშო", "მონებო", "მოძალადე" — ამ შეძახილებით შეხვდა მიტროპოლიტ სტეფანესა და მის თანმხლებ პირებს მამათა მონასტრის ეზოში შეკრებილი მრევლი.