ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტას მიესალმება. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ეს შესაძლებლობა შემდეგი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული.

"მივესალმები გუშინდელ მოქმედებებს, მიხეილ სააკაშვილის, ქალბატონი ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. იმედია, ეს შესაძლებლობა შემდეგი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო კონსულტაცია და სათანადო სამართლებრივი პროცესი ძირითად საკითხებად რჩება", — წერს ჰარცელი ტვიტერზე.

გუშინ, 19 ნოემბერს კი იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და განაცხადა, რომ განთავსებისთანავე შიმშილობას შეწყვეტს.

სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო სახელმწიფოს მის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და შიმშილობის მერე ადეკვატური მკურნალობა დაავალა, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.

გუშინ 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, შიმშილობა ელენე ხოშტარიამაც შეწყვიტა. მან განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისთვის შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია. შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ის ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.