როცა საუბარში სიტყვა სექსზე ან სექსუალობაზე ჩამოვარდება ხოლმე, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ უხერხულად გრძნობს თავს. ეს იმ ტაბუზე მიანიშნებს, რომელიც საზოგადოებაში საკითხს დიდი ხნის წინ დაედო. სიმართლე რომ ვთქვათ, ამგვარმა დამოკიდებულებამ ვერ გაამართლა — არაერთი სოციალური პრობლემა პირდაპირ უკავშირდება სქესობრივი განათლების ნაკლებობას. აქ აზრი არცთუ იშვიათად იყოფა ორად, თუმცა, არსებობს არგუმენტები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს, რა სარგებელი მოაქვს სქესობრივ განათლებას და იმაზე ღიად საუბარს, რაც ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია: სხეულის განვითარება, სექსუალობა და ურთიერთობები.

1. სხეულის პოზიტიურად აღქმა

როცა მოზარდებს მათ სხეულზე ღიად და გულწრფელად ვესაუბრებით, ამით ვაგრძნობინებთ, რომ მასთან დაკავშირებით "სასირცხვილო" არაფერია; განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაპარაკში არც სასქესო ორგანოებს ვუვლით გვერდს. ასეთი დამოკიდებულებით ისინი მიხვდებიან, რომ სხეულები ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, გარშემომყოფების წნეხი, რომ სხეულის ფორმის შესაცვლელად ყველაფერი გააკეთოს, არასწორია.

2. გენდერული იდენტობის პოზიტიურად აღქმა

ფოტო: Kaz Fantone / NPR

მოზარდის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი გენდერული იდენტობის შეცნობაა. გენდერი, ცხადია, სქესისგან განსხვავდება. გენდერული იდენტობა განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვგრძნობთ შინაგანად თავს. თუმცა, საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრებული ბინარული სისტემა ხშირად უგულებელყოფს გენდერული მრავალფეროვნების არსებობას.

სქესობრივი განათლება მოიცავს საუბარს გენდერზეც, ამდენად, ეს მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუკი მისი იდენტობის აღქმა არ შეესაბამება დაბადებისას განსაზღვრულსა და ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულს. ასეთ დროს, აუცილებელია, მოზარდს შესაბამისი ინფორმაცია სწორად მიეწოდოს.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სქესობრივი განათლების საშუალებით სტერეოტიპების თავიდან აცილებაც შეიძლება; დღესაც კი, ბევრი სქესის მიხედვით არჩევს სათამაშოებს, წიგნებს და სხვა.

3. მრავალფეროვნების დაფასება

მრავალფეროვნების დაფასება ყოველი ინდივიდის განსხვავებულობისა და უნიკალურობის აღიარებაა. ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ განსხვავებულის შემჩნევას ოჯახსა და სამეგობრო წრეში. სქესობრივი განათლების ერთ-ერთი ღერძი სწორედ იმის რწმენაა, რომ ყველა განსხვავებულია და ეს ნორმალურია. ასე მოზარდი პოზიტიურად მიიღებს არა მხოლოდ იმას, რომ თავად განსხვავდება სხვებისგან, არამედ იმასაც, რომ სხვებიც სხვადასხვა ნიშნით გამოირჩევიან დანარჩენებისგან.

განსხვავებულის მიმღებლობით მოზარდები, ცხადია, უფრო ტოლერანტულები ხდებიან და ცნობენ, რომ საზოგადოებაში, სადაც სხვადასხვა წარმომავლობის, გენდერული იდენტობის, კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციისა თუ მრწამსის მქონე ადამიანები იყრიან თავს, ყველა თანასწორია.

4. უკეთესი კომუნიკაცია უფროსსა და მოზარდს შორის

არცთუ იშვიათად, ბავშვები ცდილობენ, მნიშვნელოვან საკითხებზე უფროსებთან არ ისაუბრონ. მშობელს/მეურვესა და ბავშვს შორის ცუდი კომუნიკაცია ხშირად ხდება ბევრი პრობლემის საფუძველი, მათ შორის, ბულინგის. მოზარდი, რომელმაც იცის, რომ უფროსი ყოველთვის მზადაა, მის შეკითხვებს მოუსმინოს, მეგობრებისგან ან ინტერნეტიდან ინფორმაციის შეტყობას მშობელთან მისვლას ამჯობინებს. ასე კი, მას თავიდან ავაცილებთ ბევრ არაზუსტ და ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულ, არაჯანსაღ ცნობებს. დიდი ალბათობით, მომავალში ისინი ამგვარ ინფორმაციას გადააწყდებიან, თუმცა, მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ მითის და რეალობის გარჩევაში უფროსი ადამიანი მის დახმარებას შეძლებს.

5. მისაღები და მიუღებელი ქცევის გარჩევა ერთმანეთისგან

ფოტო: Maddy Brown / Woroni

სქესობრივი განათლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სხეულის დაცულობაზე ზრუნვაა. სხეულის დაცულობაზე საუბრით კი მოზარდი ადვილად მიხვდება, რას ნიშნავს მისაღები და მიუღებელი ქცევა. თუკი, მაგალითად, მას ვინმე მიუღებლად შეეხება, ეცოდინება, რომ ამაზე უფროსს უნდა უთხრას.

6. ცვლილების მიმღებლობა

მოზარდობის განუყოფელი ნაწილი სქესობრივი მომწიფებაა, რომელიც ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებს მოიცავს. ეს ბევრ მოზარდს აფრთხობს. თუკი ისინი ამ ცვლილებებისთვის ადრეულად შეემზადებიან, ბუნებრივად შეხვდებიან და არც უხერხულობას იგრძნობენ იმის გამო, რაც ადამიანის განვითარების ნაწილია. ეს ეხება მენსტრუაციასაც, რომელიც განსაკუთრებულად ტაბუირებულია საზოგადოების ნაწილში.

7. სექსუალური შევიწროების/ძალადობის შემთხვევების პრევენცია

სქესობრივი განათლების საშუალებით, მოზარდებს შეიძლება ავუხსნათ, რას ნიშნავს პირადი სივრცე, "არასასურველი შეხება", სექსუალური შევიწროება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც შეიძლება სხვადასხვა გარემოში შეხვდეს. როცა მოზარდი აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციას ფლობს და იცის თავდაცვის გზების შესახებაც, ეს პირდაპირ აისახება სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევების შემცირებაზე, რადგან მოძალადის ბერკეტი უმეტესწილად ის არაჯანსაღი საზოგადოებრივი აზრია, რომელიც მსხვერპლს სიჩუმისკენ უბიძგებს.

ურიგო არ იქნებოდა იმის აღნიშვნაც, რომ პედოფილის, მოძალადის ყველაზე ხელსაყრელი შემთხვევა ისეთ მოზარდთან შეხვედრაა, რომელმაც თავდაცვის გზების შესახებ არაფერი იცის, ამიტომ, გათვიცნობიერებულ ბავშვთან კონტაქტში შესვლას იგი ნაკლებად ეცდება.

8. გონივრული გადაწყვეტილებების მიღება სექსუალურ ცხოვრებაში

ფოტო: Steve Teare

სექსზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი სულაც არ გულისხმობს სექსუალური ცხოვრების დაწყებისკენ ბიძგს. პირიქით, ეს ნიშნავს მოგვიანებით, ზრდასრულობაში, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას, როცა საქმე სექსუალურ ცხოვრებას ეხება. უამრავი კვლევა არსებობს იმის დასტურად, რომ მოზარდები, რომლებსაც სქესობრივი განათლება არ აქვთ, უფრო ხშირად ნანობენ მიღებულ გადაწყვეტილებებს მომავალში.

ამასთან, სქესობრივი განათლება ღირებულებების გარკვეულ ჩარჩოს ქმნის, რომელიც მათ გადაწყვეტილებების სწორად მიღებასა და შეცდომების თავიდან არიდებაში ეხმარება. ნაცვლად იმისა, რომ თანატოლების, ან ფილმებში და ინტერნეტში ნანახი მაგალითით იმოქმედოს, იგი გადაწყვეტილებას დაფიქრებით მიიღებს.

9. სექსუალური ცხოვრების დაწყება მაშინ, როცა ამისთვის მზადაა

რადგან უკვე ვახსენეთ, რომ სექსზე საუბარი ბიძგი არ არის, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სქესობრივი განათლების მქონე მოზარდები, როგორც წესი, გვიან იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას. ისინი, ვინც უფროსებთან გულწრფელი საუბრით სიყვარულზე, სექსზე და ურთიერთობებზე შესაბამისი ინფორმაცია სწორად მიიღო, ურთიერთობის დაწყებას არ ჩქარობენ. რადგან ასეთი მოზარდები მსგავს საკითხებზე საჭირო ინფორმაციას ფლობენ, არ ფიქრობენ, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყება მათ ზრდასრულად აქცევს, მით უმეტეს, არ იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას ცნობისმოყვარეობის გამო. ამასთან, უფრო თავდაჯერებულები არიან და არ ექცევიან მეგობრების, პარტნიორის ან თანატოლების გავლენის ქვეშ. მოკლედ რომ ვთქვათ, სექსუალურ ცხოვრებას იწყებენ მაშინ, როცა ამისთვის მზად არიან და არა მაშინ, როცა მისი მეგობრები იქცევიან ასე.

10. უსაფრთხო სექსი

ინფორმაციის არქონა პირდაპირ უკავშირდება იმ რისკების დაშვებას, რომელიც პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს ან სექსუალური ცხოვრების ადრეულ ეტაპზე შეიძლება არსებობდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზარდებმა თანხმობის მნიშვნელობა იცოდნენ, რათა საკუთარი თავისა და ინტერესების დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში შეძლონ, მათ შორის, პარტნიორთან.

ინტერესებში შედის ჯანმრთელობაც, ერთ-ერთი უდიდესი რისკი ინტიმური ურთიერთობისას კი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია, რომელთა ნაწილი არ იკურნება. აუცილებელია, სექსუალური ცხოვრების დაწყებამდე პიროვნება ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას თავდაცვის გზებზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამოხატულება არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაა. არასასურველი ორსულობის შემთხვევების დიდი ნაწილი მოზარდებში ხდება, რადგან ისინი კვლავაც არ ფლობენ საჭირო ინფორმაციას, ან იციან არასწორად. პიროვნება მშობელი მაშინ უნდა ხდებოდეს, როცა ამისთვის მზად არის და არა მაშინ, როცა ამის საჭიროება გაუთვალისწინებელი ფაქტორით ან/და საზოგადოებრივი წნეხით იქმნება.

საკუთარი სხეულის შეცნობას და სურვილებთან გულწრფელობას ჰარმონიულ სექსუალურ ცხოვრებასთან მივყავართ. ქართული ონლაინ სექსშოპი Shop69.ge ერთ სივრცეში აერთიანებს სექსშოპს, სექსუალური განათლების შესახებ სტატიებს, ინტერაქტიულ ფორუმს და თემატურ ვლოგებს. ასე რომ, თუ საკუთარი სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება მოგინდა, იცი, სადაც უნდა შეიხედო.