ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადასვლაზე თანახმაა და შიმშილობას შეწყვეტს მას შემდეგ, რაც კლინიკაში განათავსებენ. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

გვარამიას თქმით, სააკაშვილს ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს მისი სამედიცინო დღის წესრიგი.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ დაზუსტებით, ჩვენ ამას ვერ დავადგენთ, ანუ სპეციალისტებისგან, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და ე.წ. რეფიდინგის, ანუ შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ეხება ყველა კონსილიუმს, რაც კი აქამდე შექმნილა — სახელმწიფოს მიერ შექმნილს, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფს და ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფს — ყველა მათგანის მონაწილეობით. იმედი მაქვს თანხმობა მათგან იქნება", — განაცახდა მან.

გვარამიამ მოუწოდა ციხესთან შეკრებილებს, რომ დატოვონ ტერიტორია, რადგან რეანომობილი იქმადე არ გამოვა ციხიდან, სანამ ადგილზე ხალხმრავლობა იქნება. რაც შეეხება გადაყვანისას ადვოკატების დასწრებას, მისი თქმით, რეანომობილში ჯდომას ვერ მოითხოვენ, რადგან ეს შეუძლებელია, თუმცა პირადი ექიმი და დედა დარჩებიან მასთან გადაყვანამდე, რის შემდეგაც წავლენ გორში.

"გორში მოვახდენთ ინსპექტირებას მისი გადაყვანის, რომ დავრწმუნდეთ, იგივე არ მოხდება, რაც წინა ჯერზე. ასევე, მის დაბინავებას დავაკვირდებით პალატაში და ამის შემდეგ დავტოვებთ გორს", — განაცხადა გვარამიამ.

ეს გადაწყვეტილება შიმშლობის 50-ე დღეს, სააკააშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მას გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ის დათანხმდა.

დღეს, 19 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ექსპრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მისი მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჟურნალისტების კითხვას, როდის და როგორ გადაიყვანენ სააკაშვილს, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც მის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ იგი თანახმაა, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.

რაც შეეხება ჰოსპიტალთან აქციების არგამართვის მოთხოვნას, ამის პირობა ოპოზიციამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დადო და თქვა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, იქ აქციები არ გაიმართება.

გაიგე მეტი: