ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისთვის შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია. ამის შემდეგ დავუკავშირდით პარტიის პრესსამსახურს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.

"შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი ამ სიტუაციიდან, ეს ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, ჩემს კოლეგებთან საუბარზე და გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, ძალიან ფრთხილები ამ ვითარებაში, როდესაც არის დიდი მღელვარება საზოგადოებრივი და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ენმ-ს წევრს ეკა ხერხეულიძეს ხელოვნურად უშლიან ხელს, რომ ციხეში შევიდეს და სწრაფად გამოიტანოს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ. მისივე თქმით, ბოლომდე იბრძოლებს, რომ სააკაშვილი გორში გადაიყვანონ უსაფრთხოდ.

"მე როგორც ვთქვი, გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, არის ამ უკიდურესი კრიზისის ფონზე გამოსავალი და საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის და ასევე ველოდები და ვიბრძოლებ, გავაგრძელებ ბრძოლას, რომ ეს პროცესი დასრულდეს ბოლომდე და ის იყოს გორში უსაფრთხოდ", — განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ წუთიდან წყვეტს თუ არა შიმშილობას და იწყებს რეაბილიტაციას, ხოშტარია პასუხობს, რომ ელოდება ექიმს და მიჰყვება მის რეკომენდაციებს.

"მე ახლა ველოდები ექიმს, რეაბილიტაციის პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი, ველოდები ექიმს და ველოდები, რა თქმა უნდა, ამ გადასვლის პროცედურას.

მე სიმართლე გითხრათ მინდოდა ძალიან სწრაფად განცხადების გაკეთება, რომ გორი არის პრინციპულად მისაღები ჩემთვის, მაგრამ ვუწევდი ანგარიშს ადამიანს, რომელიც ცუდად არის და მინდოდა, რომ სწრაფად ეთქვათ მისთვის ჩემი გადაწყვეტილებაც, რომელიც მისთვის სიურპრიზი არ არის, მან იცოდა ჩემი პოზიცია, სამწუხაროდ ხელოვნური შეფერხება მოხდა".

ხოშტარია იმედს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ, რაც ამხელა ნაბიჯები გადაიდგა, ახლა ხელოვნურად "დამატებითი ბარიერებით" არ შეაფერხებენ ამ პროცესს და სწრაფად მოხდება შესაბამისი პროცედურები. მანვე აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება, ვინმეს რამე მოუწოდოს, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი დათანხმდება და პროცესი ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ წარიმართება.

"მისი სიცოცხლე საფრთხეშია, ქვეყანაში მშვიდობაც საფრთხეშია და ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ახლა გვაქვს საშუალება, რომ გამოვიდეთ არა მთლიანად კრიზისიდან, მაგრამ ამ გადაჩეხვის საფრთხიდან. მე ვისურვებდი, მე მართლა მინდოდა, ველოდებოდი მის სათქმელს, მაგრამ არ შეიძლება ასე დიდი ხანი ალოდინო საზოგადოება, რადგან შექმნეს ბარიერი, ჩემი პოზიცია წინასწარ მინდა განვაცხადო".

დღეს, 19 ნოემბერს, ოპოზიციის აქციის პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა — უწყება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ბრეგაძის მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჟურნალისტების კითხვას, როდის და როგორ გადაიყვანენ სააკაშვილს, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც სააკაშვილი დათანხმდება, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.

ამ წუთებში სააკაშვილის პოზიციის გასაგებად ეკა ხერხეულიძის ციხეში შესვლას ელოდებიან. ის აცხადებს, რომ აფერხებენ და ხელისუფლებას სთხოვს, არ შეაფერხონ, რადგან რაც მალე შეძლებს სააკაშვილთან საუბარს, მით მალე გავიგებთ ექსპრეზიდენტის აზრს სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მან განაცხადა, რომ შიმშილობას არ შეწყვეტდა მანამ, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდნენ.