ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის ხელწერა და ღირებულებები ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ის ამბობს, რომ სწორედ ამას დაეფუძნა გადაწყვეტილება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ.

"ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება. თქვენ იცით როგორია ჩვენი ხელწერა და რა არის ჩვენი ღირებულებები — პირველ რიგში ეს არის ადამიანი, ეს არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს იყო მთავარი მოსაზრება, რასაც დაეფუძნა მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, შემხვედრ ნაბიჯებს", — განაცხადა კობახიძემ იმედთან საუბრისას.

კობახიძე განმარტავს, რატომ შესთავაზეს ექსპრეზიდენტს მაინცდამაინც გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკრეტული მოსაზრებების გათვალისწინებით. პირველი, ეს არის სამედიცინო თვალსაზრისით, ის მხარე, რომელიც იყო გასაანალიზებელი — მთლიანად არის თავიდან ბოლომდე აღჭურვილი ეს ჰოსპიტალი შესაბამისი აპარატურით, სამედიცინო პერსონალით. ეს ერთი. მეორე, უსაფრთხოების მოსაზრებები იქნა გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ეს არის ოპტიმალური შეთავაზება, საუკეთესო შეთავაზება", — ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, ამ ჰოსპიტალთან დაკავშირებით არის გარკვეული სპეკულაციები, თუმცა ამტკიცებს, რომ მათ არავითარი საფუძველი არ აქვს.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ექსპრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მისი მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჟურნალისტების კითხვას, როდის და როგორ გადაიყვანენ სააკაშვილს, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც მის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ იგი თანახმაა, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალს საფრთხედ მიიჩნევს. ამაზე ის 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში წერდა. საფრთხის მიზეზად ის რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზისა და სპეცდანიშნულების დანაყოფები ყოფნას ასახელებს.

1-ელ ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, შემდეგ კი "ოსური სპეცრაზმის" მიერ მისი გატაცება იგეგმებოდა.

რაც შეეხება ჰოსპიტალთან აქციების არგამართვის მოთხოვნას, ამის პირობა ოპოზიციამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დადო და თქვა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, იქ აქციები არ გაიმართება.

გაიგე მეტი: