საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის წინა პლანზე დაყენება და ეს საკითხი ევროკავშირსაც აღელვებს. ელჩის თქმით, დროა ვიფიქროთ ჩიხიდან გამოსვლასა და ვითარების მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯების გადადგმაზე.

"ის, რაც ბოლო 24 საათში ვნახეთ, გვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის წინა პლანზე დაყენება, რაც ევროკავშირსაც აღელვებს. როდესაც საქმე ეხება არსებულ სიტუაციას, დროა ვიფიქროთ, ჩიხიდან გამოსვლაზე და სათანადო ნაბიჯების გადადგმაზე, რომ ეს ვითარება მოგვარდეს ისე, რომ წინ წავწიოთ საკითხები ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე", — განაცხადა ჰარცელმა. [ფორმულას თარგმანი]

ევროკავშირის ელჩმა მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველსაც და აღნიშნა, რომ მისი როლი სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობისა და უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანია.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ძლიერია სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ. ასევე, მისი როლის მიმართ, რომელიც სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობას და მისი უფლებების დაცვას უკავშირდება. ასევე, ეს ეხება ობიექტურ სამედიცინო რჩევებს, რომ ყველამ სათანადოდ შეაფასოს სააკაშვილის მდგომარეობა და გაითვალისწინოს რეკომენდაციები. ეს არის გადამწყვეტი", — თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატები, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენები შეიყვანეს.

18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებასთან განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა" და ის საკაცით გაიყვანეს. ბასილაია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს თვალები ხელით გაუხსნეს. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და "ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის". რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა და ახლა "აბსოლუტურად სტაბილურ" მდგომარეობაშია.

17 ნოემბერს, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი წარადგინა. კონსილიუმი ციხის საავადმყოფოში იმავე დღეს შევიდა და ადგილზე მდგომარეობას 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეისწავლიდა. მეორე დღეს მათ გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმების განცხადებით, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.

გაიგე მეტი: