სახელმწიფო ინსპეტორის სამსახური აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს წერილობით მიმართეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ისეთ პირობებში განთავსებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით არ არის აღჭურვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში) გადაყვანის იმპერატიული მოთხოვნის უფლებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის შემდგომ, დაუყოვნებლივ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა (2021 წლის 11 ნოემბერს) წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის ისეთ პირობებში განთავსების თაობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა", — აცხადებს ინსპექტორის სამსახური.

სახელმწიფო ინსპეტორის სამსახური მოუწოდებს ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამასთანავე, განცხადებაში წერია, რომ ინსპექტორი ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დაწყებას იმედოვნებს.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატები, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებასთან განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა" და ის საკაცით გაიყვანეს. ბასილაია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს თვალები ხელით გაუხსნეს. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და "ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის". რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა და ახლა "აბსოლუტურად სტაბილურ" მდგომარეობაშია.

17 ნოემბერს, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი წარადგინა. კონსილიუმი ციხის საავადმყოფოში იმავე დღეს შევიდა და ადგილზე მდგომარეობას 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეისწავლიდა. მეორე დღეს მათ გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმების განცხადებით, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.

გაიგე მეტი: