გირჩის "მეფე", ჰერმან საბო დეპუტატი გახდა. აღნიშნულს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყარეს კენჭი. მას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ ყოფილა. სხდომას 92 დეპუტატი ესწრებოდა.

საბომ გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ჩაანაცვლა. ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი 19 ნოემბერს შეუწყვიტეს. მან უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტს 3 ნოემბერს მეორედ მიმართა. მან მანდატის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ მეორედ გამოაცხადა.

პირველად დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ჯაფარიძემ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში მიმართა. იმ დროისთვის ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების, კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის შუამავლობით მიმდინარეობდა. ქართულმა ოცნებამ დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი გადადო, რის შემდეგაც ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

იმავე დღეს პარლამენტის დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძესაც.