პაკისტანში მიიღეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, გაუპატიურებაში დამნაშავეები დანაშაულს განმეორებით ჩადენისას ქიმიური კასტრაციით დაისჯებიან.

მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ პროტესტზე საპასუხოდ მიიღო, რომელიც ქალებისა და ბავშვების მიმართ გახშირებული სექსუალური ძალადობის ფაქტების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას ითხოვდა

ფოტო: National Assembly of Pakistan

ახალშემუშავებულ კანონში ნათქვამია, რომ პაკისტანის მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ სასამართლოებს შექმნის, რათა გაუპატიურების საქმეების გამოძიება დააჩქაროს და საქმეების გადაწყვეტა მაქსიმუმ ოთხ თვეში უზრუნველყოს.

ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევაში სასჯელი უფრო მკაცრია და დამნაშავეებს სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ელოდებათ. ქიმიური კასტრაცია კი ლიბიდოსა და სექსუალური აქტივობის შესამცირებლად წამლების გამოყენებას გულისხმობს. ეს დასჯის ლეგალური ფორმაა სამხრეთ კორეაში, პოლონეთში, ჩეხეთსა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში.

საერთაშორისო არასამთავრობო სექტორი ამ კანონპროექტს ჯერ კიდევ 2020 წელს აკრიტიკებდა, როცა პაკისტანის მთავრობამ მისი განხილვა დაიწყო. ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ ქიმიური კასტრაცია "სასტიკი და არაადამიანურია".

"ხელისუფლებამ სასტიკი დასჯის ნაცვლად, ისეთი რეფორმები უნდა გაატაროს, რომლებიც ძალადობის ძირეულ მიზეზებს აღმოფხვრის და დაზარალებულებს ისეთ სამართლიანობას შესთავაზებს, როგორსაც იმსახურებენ", — ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ფოტო: Reuters

Reuters-ის მიხედვით, პაკისტანში გასული წლის დეკემბერში სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულთაგან დამნაშავედ 3%-ზე ნაკლები ცნეს.

იანვარში გამოტანილი გადაწყვეტილებით, პაკისტანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პროვინცია პენჯაში სექსუალურ ძალადობას გადარჩენილი გოგოებისთვის "ქალწულობის ტესტის" ჩატარება აიკრძალა. ამ ე.წ. "ქალწულობის ტესტით" საქალწულე აპკს საშოში ორი თითით ამოწმებდნენ.