სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგო წულაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ პოლიპროფიულ კლინიკაში. მისი თქმით, ციხის საავადმყოფოს არ აქვს საკმარისი რესურსი მოსალოდნელი გართულებების სამართავად. ეს განცხადება წულაძემ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილსა და ექიმებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ჩემი აზრით არ აქვს მას [ციხის საავადმყოფოს] რესურსი, რომ მართოს ისეთი გართულებები, რომელიც მოსალოდნელია იყოს. ეს მათაც იციან და მაგ გართულებებზე აქვთ ნათქვამი, რომ ისედაც უნდა გადაიყვანონ, თუ ეს გართულებები მოხდა. ჩვენი რეკომენდაცია ზუსტად ისაა, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ. რომ გადაეყვანათ გუშინ, ვთქვათ, და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლება ეს გართულება დღეს არ გვქონოდა", — განაცხადა წულაძემ.

ის ამბობს, რომ თავად ციხის საავადმყოფოს ექიმებსაც ესმით, რომ საჭიროა სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა.

"ექიმები მკურნალობენ იქ, სადაც არიან და იმით, რა საშუალებაც აქვთ. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. ეს მათაც კარგად ესმით. ყველა ექიმის რეკომენდაცია, ვისაც დღეს შევხვდით, ერთი და იგივეა — პაციენტი გადაყვანილ იქნას პოლიპროფილურ განყოფილებაში [...]

ისინი ყველა სტრესის ქვეშ არიან. აბა, ასეთ მდგომარეობაში, ასეთი მძიმე პაციენტზე პასუხისმგებლობის აღება კლინიკასაც კი გაუჭირდება, არა თუ აქ, ახლადდაკომპლექტებულ დაწესებულებას", — განაცხადა წულაძემ.

მისი ინფორმაციით, ამ წუთებში ციხის საავადმყოფოში არიან იუსტიციის მინისტრო, რატი ბრეგაძე და დეპუტატები — ვიცე-სპიკერი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრო, დავით სერგეენკო, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. წულაძის თქმით, ის პოლიტიკოსებს არ შეხვედრია, თუმცა ვარაუდობს, რომ მათი მე-18 დაწესებულებაში მისვლის მიზეზი სააკაშვილის გადაყვანაზე მსჯელობაა.

18 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა და გადააწვინეს საწოლზე". ამასთან, მან თქვა, რომ ხელით გაუხსნეს თვალები. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, იგი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტს ჰქონდა მაღალი წნევა, თუმცა უკვე "აბსოლუტურად სტაბილურ" მდგომარეობაშია.

გაიგე მეტი: