სახალხო დამცველის ინიციატივით შემქნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას განცხადებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გაიზიარა მათი არგუმენტები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ. მისი ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილი ორი კონსილიუმი — იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის ინიციატივით შეკრებილი კონსილიუმები — ერთმანეთს სწორედ ტიკარაძის ინიციატივით შეხვდნენ. გრიგოლიას თქმით, ორივე კონსილიუმი თანხმდება, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დარჩენა მიზანშეწონილი არ არის.

"ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ, შეეცდება რაღაცის გაკეთებას [...]

დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არა არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნას პოლიპროფილურ კლინიკაში", — განაცხადა გრიგოლიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გრიგოლიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, იმედოვნებს, რომ უწყება შეეცდება ამ საკითხის ლობირებას.

რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილი ორი კონსილიუმის წვერი ექიმები ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბნენ. სამინისტროში იმყოფებოდა ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც, თუმცა შეხვედრა მან უკომენტაროდ დატოვა.

დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა და გადააწვინეს საწოლზე", ამასთან მან თქვა, რომ ხელით გაუხსნეს თვალები. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და "ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის". რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა და ახლა "აბსოლუტურად სტაბილურ" მდგომარეობაშია.