რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელი, გულიკო ქილიფთარი, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგე აცხადებს, რომ ის რეანიმაციაშია, თუმცა კონტაქტურია. მისი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის სასიცოცხლო პარამეტრები გამოსწორებულია.

"სასიცოცხლო მაჩვენებლები არის გამოსწორებული. პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. კონტაქტურია. ცნობიერება აქვს ადეკვატური. არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მონაცემები, ვენტილაციის პარამეტრები — ეს ყველაფერი არის გამოსწორებული და მოწესრიგებული [...]

შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის, ის ეკრანზე უყურებს რა ხდება აქ [გლდანის ციხესთან], გვესაუბრება და რაღაც კომენტარებსაც ვაკეთებთ", — ამბობს ქილიფთარი.

ქილიფთარი ამბობს, რომ ის დღეს საკონსულტაციოდ მიიწვიეს ციხის საავადმყოფოში და მისი მისვლა დაემთხვა ექსპრეზიდენტის გონების დაკარგვას. ის ხაზს უსვამს, რომ რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილთან ყოველ დღე მორიგეობს.

დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა და გადააწვინეს საწოლზე", ამასთან მან თქვა, რომ ხელით გაუხსნეს თვალები. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და "ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის". რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა და ახლა "აბსოლუტურად სტაბილურ" მდგომარეობაშია.

გაიგე მეტი: