მისტერ კანგის სახელით ცნობილი ჩინელი კაცის თქმით, ქალაქ ჩანშაში მდებარე ბარბექიუ რესტორანმა ბევრი ჭამის გამო შავ სიაში შეიყვანა და სტუმრობა აუკრძალა. რესტორანი მომხმარებლებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნებისმიერი ოდენობის კერძის ჭამის უფლებას აძლევს, თუმცა, როგორც ჩანს, მისტერ კანგი გამონაკლისია.

რესტორნიდან განდევნილი კაცი მომხდარის შესახებ ადგილობრივ ტელევიზიას ესაუბრა. მისტერ კანგი ჩინეთში ჭამის ვიდეოებითაა ცნობილი. მისი თქმით, პირველი სტუმრობისას 1,5 კგ ღორის ხორცი ჭამა, შემდეგი ვიზიტისას კი 4 კგ-მდე კრევეტები. ის რესტორანს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ბევრის ჭამა შეუძლიათ.

"ბევრის ჭამა შემიძლია. რა, დანაშაულია?!" — ამბობს მისტერ კანგი.

იმავე ჟურნალისტს რესტორნის მეპატრონეც გაესაუბრა:

"რამდენჯერაც მოვა, რამდენიმე ასეულ იუანს [ჩინური ფულის ერთეული] ვკარგავ. მაშინაც კი, როცა რძეს სვამს, 20 ან 30 ბოთლს ერევა", — ამბობს მეპატრონე.

აღნიშნულმა ამბავმა ჩინეთის სოციალური ქსელი Weibo დაიპყრო. ზოგიერთი ადამიანი რესტორნის მეპატრონის მხარეს იჭერს, დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ თუ რესტორანს შესაბამისი რესურსი არ აქვს, სტუმრებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ სასურველი რაოდენობის საკვების ჭამის უფლებას არ უნდა აძლევდეს.