ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა".

"ძალიან მძიმედ იყო მიშა, როცა ჩვნ გვხდებოდა და რომ გამოდიოდა მოსხლეტით წაიქცა და გადააწვინეს საწოლზე. 10 წუთია, რაც აიყვანეს, შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. როდესაც წაიქცა, იქ წაქცეულზე ხელით გავუხსენით თვალები", — ამბობს ის.

ამ დროისთვის მე-18 დაწესებულებასთან დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიციის მანქანაა მობილიზებული.

მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.

17 ნოემბერს, სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი წარადგინა. კონსილიუმი ციხის საავადმყოფოში იმავე დღეს შევიდა და ადგილზე მდგომარეობას 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეისწავლიდა. მეორე დღეს მათ გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმების განცხადებით, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

გაიგე მეტი: