თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში კოვიდ ტესტებს უკანონოდ აკეთებდნენ. სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს განცხადებით, მათ მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.

"რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა", — აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევები ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც გამოვლინდა.

"ძირითადად, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს", — აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.