ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის აზრით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში "ცოტა სხვა მხარეს" არის გადახრილი. ის აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესი მთლიანად პოლიტიკურია და ინსტიტუციები პოლიტიკური ჯგუფების მხარეებს ირჩევენ.

"ნესტან-დარეჯანი ვინ, ვისთვის არის ეს არ ვიცი, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ მთელი ეს პროცესი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული და აქ არაფერ შუაში ჯანმრთელობა არ არის. ჯანმრთელობა გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის და აქ ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, რაღაც პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ მხარეებს. ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს და ის იქ ამ მოძრაობაში და ამ პროცესში უფრო ხელს უწყობს მეორე მხარეს", — ამბობს დავითულიანი.

დავითულიანმა ასევე თქვა, რომ არ იცის, ექიმების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, სუბიექტური არის თუ არა, მაგრამ იქ შემავალი ადამიანების სტატუსების წაკითხვისას მიხვდა, რომ მათ შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ. ამასთან, მან დასძინა რომ ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი დასკვნებია.

გუშინ 17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

ზოგადად ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხშირად ადანაშაულებენ პარტიულობასა და მიკერძოებულობაში მათდამი კრიტიკული განცხადებების გამო. ამ მხრივ ყველაზე მეტად გამოირჩევა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 25 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს". ამასთანავე, კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებსაც.