ომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ექიმთა ჯგუფის სხდომაზე ისაუბრა.

"დღეს უკვე ოფიციალურად მივმართეთ სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩაგვრთოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ, რომ დროებით ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში ჩავრთულიყავით მესამე მხარედ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს თხოვნას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უშუალოდ წარმოვუდგინოთ სასამართლოს ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე", — აღნიშნა მან.

დღეს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

ექსპრეზიდენტი უკვე 49 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა — ამის ნაცვლად ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით შეიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ, მხარეთა ინტერესების შესაბამისად და სასამართლო პროცედურების სწორად წარმართვისთვის, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.