ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასეს, როგორც კრიტიკული. ამის შესახებ მან კონსილიუმის რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჩვენ შევაფასეთ, როგორც კრიტიკული. ეს მდგომარეობა, როგორც კრიტიკული შეფასებულია იმიტომ, რომ 48 დღეა შიმშილობს. მას აქვს უკვე ენცეფალოპათიის ნიშნები, აქვს კალიუმის ნაკლებობა, აქვს ჰემოგლობინის დაბალი ციფრები, რაც კომბინაციაში თალასემიასთან გვაძლევს სახიფათო გართულების შესაძლებლობას და ყველაფერი ეს ჯდება იმ სტატუსში, რა სტატუსსაც ჰქვია კრიტიკული მდგომარეობა", — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ის ჯერ არ არის სარეანიმაციო პაციენტი. "იმედია, არც იქნება", — აღნიშნავს ექიმი.

"მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ვინაიდან ის არ წყვეტს შიმშილს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება, იმიტომ რომ 48 დღე ეს არის ძალიან კრიტიკული ზღვარი. გასაგებია, რომ ყველა პაციენტს საწყისი მდგომარეობა აქვს სხვადასხვანაირი, ზოგი პაციენტი უძლებს 40 დღიან შიმშილს, ვინაიდან თავიდან ჰქონდა საწყისი მდგომარეობა უკეთესი, ზოგი ვერ უძლებს", — ამბობს ის.

რაც შეეხება დაწესებულებას, მისი განცხადებით, ის ცუდად აღჭურვილი არ არის, თუმცა მათი შეფასებით, კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტისთვის სათანადო მკურნალობის გასაწევად მზად არ არის.

"ორი კვირის წინ გახსნილია სპეციალური რეანიმაციული ოთახი, რომელიც არის საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი. გადმოყვანილია მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან, ანუ ყოველდღე დაწესებულებაში მორიგეობს ერთი ექიმი ზოგადი პროფილის ან თერაპევტი, ან ქირურგი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი რენ განყოფილებაში. ანუ სულ გადმოყვანილია 5 რეანიმატოლოგი, 4 დღის და 1 ღამის.

როგორც გითხარით, აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს დაწესებულება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა", — თქვა ექიმმა.

ექსპრეზიდენტის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი 17 ნოემბერს წარადგინა. ჯგუფის მიზანია შეაფასოს რამდენად შეესაბამება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შემქნილი ექიმთა კონსილიუმის წევრი არიან:

  • გიორგი გრიგოლია — ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
  • გრიგოლი ხურციძე — შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
  • გიორგი კაჭარავა — კარდიოლოგი;
  • გიორგი პაპიაშვილი — კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
  • აიდა გოზალოვა — ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
  • მამუკა მაჩაიძე — ინფექციონისტი, თერაპევტი;
  • თენგო წულაძე — ნევროლოგი;
  • ნინო ზავრაშვილი — ენდოკრინოლოგი