საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შიმშილობის და შიმშილობის შემდგომი მკურნალობის საუკეთესო ექსპერტიზა ციხის საავადმყოფოებშია. ის განმარტავს, რომ რადგან მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები ძირითადად საპატიმრო დაწესებულებებში შიმშილობენ, შესაბამისად, ციხის საავადმყოფოებს ამგვარი პაციენტების მკურნალობის მეტი გამოცდილება აქვთ.

"მე არ გახლავართ სამედიცინო სფეროს ექსპერტი და არც განათლებით ექიმი არ ვარ, თუმცა ვიცი საერთაშორისო გამოცდილება რა არის. როგორც წესი, შიმშილობენ მსოფლიოში, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ საპატიმრო დაწესებულებებში. უდიდესი უმრავლესობა შიმშილობის შემთხვევებისა მოდის სწორედ საპატიმრო დაწესებულებებზე. ალბათ, 95%-ზე მეტი.

აქედან გამომდინარე, მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველაზე კარგი ექსპერტიზა შიმშილობის და პოსტშიმშილობის მკურნალობისა და ადამიანობის ჯანმრთელობის აღდგენისა აი ამ პერიოდში, შიმშილობის პერიოდში, აქვთ სწორედ ციხის საავადმყოფოებს. იმიტომ, რომ ყველაზე მეტი გამოცდილება სწორედ მათ უგროვდებათ. თქვენ, ალბათ, ვერ მომიყვანთ ფაქტებს, როდესაც სამოქალაქო ცხოვრებაში ადამიანები შიმშილობენ. ძირითადად ეს ხდება საპატიმრო დაწესებულებებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით", — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.

გაიგე მეტი: