რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, ტესტირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ სერტიფიკატი აღიარეს. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს მიუერთდა, რომელშიც ამ მომენტისთვის 49 ქვეყანაა გაწევრიანებული.

ცვლილებამ უამრავი კითხვა გააჩინა, რომლებზეც პასუხის გაცემას გულდასმით ვეცდებით.

კოვიდპასპორტი ისევ მჭირდება?

თუ კოვიდპასპორტი 17 ნოემბრამდე აიღეთ, სამწუხაროდ, მას საზღვარგარეთ ვერ გამოიყენებთ. ამ მომენტისთვის კოვიდპასპორტის ფორმატი უკვე განახლებულია და თუ ახლა მიხვალთ იუსტიციის სახლში, უკვე ისეთ კოვიდპასპორტს მოგცემენ, რომელსაც ევროკავშირი ცნობს. თუმცა იუსტიციის სახლში მისვლა აუცილებელი სულაც არაა დოკუმენტის ასაღებად, ამისთვის Georgia E-Health აპლიკაციაც საკმარისია. რაც შეეხება აპოსტილით დამოწმებას, თუ კონკრეტულად არ დაგიზუსტებენ, რომ აპოსტილი სჭირდებათ, (მაგალითად, უნივერსიტეტი, სადაც სწავლის გაგრძელებას აპირებთ ან რომელიმე ორგანიზაცია) მის გარეშეც ჩვეულებრივად იმოგზაურებთ.

სად ვიპოვო აპლიკაცია?

აპლიკაცია Georgia E-health უკვე ხელმისაწვდომია Apple App Store-ში აიფონის მომხმარებლებისთვის და Play Store-ში — ანდროიდის მომხმარებლებისთვის. თუ Play Store-ში გიჩვენებთ, რომ აპლიკაცია თქვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არაა, ანგარიშის პარამეტრებში დააკვირდით ქვეყანას და დააყენეთ ის "საქართველოზე".

აპლიკაცია დავაყენე, მერე რა ხდება?

აპლიკაცია დაყენების შემდეგ მოგთხოვთ რეგისტრაციას, რისთვისაც თქვენი მონაცემების შეყვანა და მობილური ნომრის ვერიფიკაცია დაგჭირდებათ. შემდეგ კი თავად დააყენებთ აპლიკაციისთვის ხუთნიშნა კომბინაციას. მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ საფეხურზე აპლიკაცია გაიჭედა. თუ აქ გაიჭედებით, აპლიკაცია გახსნილი დატოვეთ გარკვეული დროის განმავლობაში, მერე კი ნელა აკრიფეთ ციფრები (ვიცით, ვიცით, რომ არაა კარგად გაკეთებული).

თუ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, სავარაუდოდ ეკრანზე ხედავთ თქვენს კოვიდ-სტატუსს, QR კოდს და სერტიფიკატს, რომლის ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ.

რა ვუყო ამ QR კოდს?

შედით getcovidpass.eu-ზე და შექმენით თქვენი ციფრული სერტიფიკატი, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებთ. წესებსა და პირობებზე დათანხმების შემდეგ საიტი საშუალებას მოგცემთ, დაასკანიროთ QR ან ატვირთოთ სერტიფიკატი, რომელიც Georgia E-health აპლიკაციამ მოგცათ.

ყველაზე მარტივია, თუ უბრალოდ კამერას ჩართავთ და მობილურში გახსნილ QR კოდს "დაანახებთ" საიტს.

ამის შემდეგ საიტი დაგიგენერირებთ სერტიფიკატს, რომელიც შეგიძლიათ მობილურში შეინახოთ. აიფონის შემთხვევაში — Wallet-ში, ხოლო ანდროიდის მფლობელებს საიტი YOURWALLET APP-ის გადმოწერას სთავაზობს.

სულ ესაა! ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ.