ნიუ-იორკში ახალი წელი ტრადიციული ფორმით ბრუნდება. ქალაქის მერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტაიმზ-სკვერზე წელს ათასობით ადამიანს ისევ მიეცემა საშუალება, ახალი წლის დადგომა ერთად იზეიმოს და უკანასკნელი წუთები აითვალოს, სანამ ბურთი დაეშვება.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ნიუიორკელებს პირველად ექნებათ საახალწლო ღონისძიებებზე დასწრების საშუალება. გასულ წელს, ზეიმს მხოლოდ სამედიცინო და იმ სფეროებში დასაქმებული ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებიც კრიზისულ ვითარებაში ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ.

"დიდი, მასშტაბური ზეიმი ბრუნდება", — განაცხადა მერმა ბილ დე ბლაზიომ, — "ამ ზეიმს კი ასობით ათასი ადამიანი შეუერთდება. როგორც იქნა, ერთად ყოფნა ისევ შეგვიძლია. ეს შესანიშნავია, ქალაქისთვის დიდი მხიარულება იქნება. ამიტომ, მოდით, ყველაფერი სწორად და უსაფრთხოდ გავაკეთოთ".

უსაფრთხოებაში კი კვლავაც კოვიდრეგულაციები იგულისხმება. საზეიმო აღნიშვნაზე დასწრებას მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ. თუმცა, ისინი, ვინც გარკვეული სამედიცინო მიზეზების გამო ვერ ახერხებენ აცრას, ასევე დაესწრებიან ღონისძიებას, თუკი უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.

"შემოუერთდით მხიარულებასა და ისტორიულ მომენტს, როცა ნიუ-იორკი მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ წინანდელობას 100 პროცენტით დავუბრუნდით".

ტაიმზ-სკვერზე ახალი წელთან შეხვედრის ტრადიცია 1904 წლიდან იღებს სათავეს, როცა მცხოვრებებმა დღესასწაულის აღნიშვნა სახურავებზე დაიწყეს. 1907 წლიდან ზეიმს უკვე ბურთის დაშვების ცერემონიაც დაემატა, მას შემდეგ კი, ყოველი წლის 31 დეკემბერს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, როგორ ზეიმობენ ნიუ-იორკის თვალისმომჭრელად განათებულ უბანში ახალი წლის დადგომას.

ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რა ღონისძიებები გაიმართება ქალაქში 2022 წელთან შეხვედრის აღსანიშნავად, თუმცა, ტაიმზ-სკვერზე ზეიმი, ტრადიციისამებრ, პირდაპირი ეთერით გადაიცემა ონლაინ, სოციალურ მედიაში და სატელევიზიო არხებით.