პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ძველი საკრებულოს პირობებში. ის აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების შეკრებამდე მიიღოს გადაწყვეტილება.

დაუშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეების გადაწყვეტილება, ხმა მიეცათ სხვა პარტიისთვის, ნიშნავს, რომ მათი ინტერესი იყო ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება, რაც ასევე ნიშნავს, რომ ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მუნიციპალური ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედ ახალი საკრებულოების მიერ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ოცნებას პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და ახალი საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე", — განაცხადა დაუშვილმა.

ამასთანავე, ის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები, რათა აღნიშნული საკრებულოები შეუდგნენ მუშაობას, მათ შორის ბიუჯეტის განხილვას და მათ დამტკიცების პროცედურებს.

"პირველი სხდომის მოწვევის ვადა არის 30 დღე საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან, თუმცა, ჩვენ ხომ ახალ რეალობაში ვართ, არაერთ მუნიციპალიტეტში და არაერთ საკრებულოში ოცნება ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილებით ეს ბიუჯეტების დამტკიცება და სხვა გადაწყვეტილებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მრავალპარტიული კონსესუსის საფუძველზე. შესაბამისად, რასაც დღეს ოცნება აკეთებს, არის ის, რომ ახალი საკრებულოების შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მოასწროს ბიუჯეტების დამტკიცება, იმისათვის, რომ ისე გააკეთოს როგორც თვითონ უნდა, ამით კიდევ ერთხელ აიგნორებს, იგნორირებას უკეთებს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას", — განაცხადა მან.

დღეს, 17 ნოემბერს ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტის განხილვას ხმაური და დაპრისიპირება მოყვა. ენმ-ს წევრმა ანა წითლაძემ განაცხადა, რომ ძველი მოწვევის საკრებულო ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებულად განხილვას ცდილობს. მისი თქმით, გაუგებარია რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ბიუჯეტის მიღებაზე ან შესრულებაზე იმ ადამინებმა, რომლებიც არ არიან ახალი საკრებულოს წევრები.

ამის გასაპროტესტებლად ზუგდიდის საკრებულოში მოშიმშილე ენმ-ს წევრებმა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ლეიბების შეტანა სცადეს, რის უფლებასაც დაცვის სამსახური არ აძლევდა, თუმცა მაინც შეძლეს. მოგვიანებით ისინი პოლიციამ გამოაძევა.

ზუგდიდის საკრებულოს თავმდჯომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ ჭეჟიამ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ საკრებულოში "განსაკუთრებული არაფერი არ ხდება". მისი მტკიცებით, მერია ბიუჯეტს ვადების დაცვითა და კანონიერად განიხილავს.