ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ისინი მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოში არსებულ ვითარებაზე უნდა იცოდეს.

"ჩვენი შევიკრიბებით კიდევ ძალიან ბევრ ადგილას და გვინდა, რომ მივაწვდინოთ ხმა ყველას, რომ ექიმები, სამედიცინო სფეროს მუშაკები, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები — ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მოკლან ადამიანი. არ მოკლან იმიტომ, რომ არ გადაჰყავთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის მიიღებს ნორმალურ სამედიცინო დახმარებას", — განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ერთ-ერთი ექიმის განცხადებით, ნორმალურ სახელწმიფოში შიმშილობის 48-ე დღეს ადამიანი უნდა იყოს აგრესიული ინტენსიური თერაპიის ქვეშ, რაც საქართველოში არ ხდება და ეს ევროპამ უნდა იცოდეს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს. 8 ნოემბერს ის მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.