ზუგდიდის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მოშიმშილეებს სხდომათა დარბაზში ლეიბების შეტანა და შიმშილობის იქ გაგრძელება სურდათ, რის უფლებასაც დაცვის სამსახური არ აძლევდა. თუმცა დაპირისპირების შემდეგ მათ საჭირო ნივთების შეტანა მაინც შეძლეს.

საკრებულოს დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პროტესტის ნიშნად გადაინაცვლეს, მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანი წითლაძემ განაცხადა, რომ ძველი მოწვევის საკრებულო ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებულად განხილვას ცდილობს. წითლიძე განმარტავს, რომ 2022 წლის ბიუჯეტზე საკრებულოს ის წევრები მსჯელობენ, რომლებიც საერთოდ არ არიან ახალი მოწვევაში. მისი თქმით, გაუგებარია რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ბიუჯეტის მიღებაზე ან შესრულებაზე იმ ადამინებმა, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები.

"ხელისუფლებას ეშინია, რომ ახალი საკრებულოს პირობებში თუ ვერ მოხდა ბიუჯეტის მიღება, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტის შემდეგ ინიშნება ხელახალი მერის და საკრებულოს არჩევნები. ახალ საკრებულოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი ვადა იმისთვის, რომ შეძლოს ახალ საკრებულოზე მსჯელობა და მოასწროს ახალი ბიუჯეტის მიღება. [...]

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოშიმშილეებმა, რომლებიც არიან არჩეული, ლეგიტიმური ახალი საკრებულოს წევრები, ფრაქციის ოთახიდან გადმოინაცვლონ სხდომათა დარბაზში, ისინი დღეიდან იშიმშილებენ აქ, სხდომათა დარბაზში, სადაც უნდა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა და უკანონო წესით მიღება" — განაცხადა ანა წითლიძემ.

მოშიმშილე დეპუტატი ამბობს, რომ აქამდე მოქმედი ბიუჯეტი არ იყო მორგებული ზუგდიდზე და მათი ჩართულობით ეს შეიცვლება.

"9 წლის განმავლობაში არსებული ბიუჯეტი არ იყო ზუგდიდის მოთხოვნაზე მორგებული. ეს იყო სიდედრების, სიმამრების, აიპებში დასაქმებული უცნობი ადამიანების, მათი აქტივისტების ბიუჯეტი", — განაცხადა მან ტელეკომპანია ფორმულასთან.

ზუგდისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის 5-მა დეპუტატმა შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყო. ისინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.